მოსკოვის მიმართულებით ფრენების გაზრდაზე ქართულმა მხარემ უარი განაცხადა
ქართულმა მხარემ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების გაზრდა იყო. მხარეები ავიარეისების სიხშირის გაზრდაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი სესკუტოვი მოლაპარაკებებს პოზიტიურად აფასებს და შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.
„პოზიტიურად ვაფასებთ კონსულტაციებს და ვთვლით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს, ვეძებთ გზებს, როგორ დავალაგოთ ურთიერთობები. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ყველა ქართველმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, შეძლოს ფრენა სამშობლოში და ყველა რუსმა შეძლოს ფრენა იმდენჯერ, რამდენჯერაც გაუხარდება. ეს კარგად აისახება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე“, – განაცხადა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი სესკუტოვმა.
ქართული დელეგაცია კი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები მიუღებელია.
„მთავარია, დაცული იყოს კომპანიების, ქვეყნის ინტერესები და ყველაზე მთავრი – მომხმარებლის ინტერესები“, – განცხადა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ.
მისივე თქმით, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით 31 იანვრამდე ფრენები – პრინციპით 18/18-ზე გაგრძელდება.
რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები ორი დღე მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები მომდევნო ხუთი დღე ელექტრონულად, მეილის, ასევე ტელეფონის დახმარებით გაიმართება. 31 იანვრის შემდეგ კი მხარეები გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული მხარე ფრენების არარეალურ რაოდენობას ითხოვს.
„არარეალურად ბევრ სიხშირეს ითხოვენ. პრაქტიკულად დღეში უნდა იყოს 6 რეისი. რაში გვჭირდება დღეს მოსკოვში 6 რეისი, როცა არც ვიზას არ იძლევიან რუსები და არც ქართულ მოსახლეობას რუსეთში ჩასვლის საშუალება არ აქვს“, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.