ირაკლი ფირცხალავას პასუხი სახალხო დამცველს

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, სახალხო დამცველის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება. როგორც „კვირას“ ფირცხალავამ განუცხადა, მან უჩა ნანუაშვილის მიერ დღეს გახმაურებული ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეიტყო და იმავე დღეს შს სამინისტროს წერილობით მიმართა.
„სახალხო დამცველის მიერ დღეს გახმაურებული ინფორმაცია აბსოლუტური სისულეა. ეგ ამბავი თავდაპირველად ბუტა რობაქიძის დედისგან – ია მეტრეველისგან შევიტყვე. ია მეტრეველმა მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. როგორც კი ეს განცხადება ჩემთვის გახდა ცნობილი, შს სამინისტროს განცხადებით მივმართე. ეს იყო 2014 წლის 27 თებერვალს. ამავე განცხადებაში მე მოვითხოვე ამ პატიმრის უსაფრთხოება, რომ მას განსაკუთრებული უსაფრთხოების რეჟიმი ჰქონოდა. მოვითხოვე ამ საქმის გამოძიება. მერე სამინისტროში დამიბარეს და დამკითხეს. მერე ზედამხედველ პროკურორსაც დაელაპარკნენ და პროკურორმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება შს სამინისტროს კომპეტენცია არ იყო. ამის შემდეგ საქმე გადააგზავნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში“, – აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.
კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე უჩა ნანუაშვილის განცხადების კიდევ ერთ დეტალზე საუბრობს. მისი თქმით, იგი ყოფილ პოლიციელებს გიორგი ხიზანიშვილს და კახა ლეგაშვილს იცნობს, თუმცა ისინი დიდი ხანია არ უნახავს. ირაკლი ფირცხალავა ამბობს, რომ პოლიციელ გიორგი ჭანტურიას საერთოდ არ იცნობს.
როგორც „კვირას“ ირაკლი ფირცხალავამ განუცხადა, იგი 2008 წლის ივლისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„2008 წლის ივლისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი და, შესაბამისად, ვმუშაობდი კოდორის მიმართულებით. თავზე საყრელად მქონდა ჩემი საქმე. არავითარი კავშირი ვიღაც აგენტებთან, მით უმეტეს, მკვლელობის შეკვეთაზე კავშირი არ მქონია, ეს არის აბსოლუტური სისულელე და სიცრუე. სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადება არის პოლიციელების მიმართ გამოყენებული ვენდეტა. სამწუხაროა ეს ყველაფერი, რაშიც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი უწყობს ხელს, მათ შორის კრიმინალთა დამცველი უჩა ნანუაშვილი, მას სახალხო დამცველი აღარ ჰქვია, ის არის კრიმინალური სამყაროს დამცველი“, – აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ბუტა რობაქიძის დედის – ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთაში ამხილა. როგორც უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთ პირს, რომლის ვინაობასაც ომბუდსმენი არ ასახელებს, ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის – ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს.
ომბუდსმენის თქმით, მოწმე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა, ამჟამად 10-წლიან სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მსჯავრდებულის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მისგან ასევე მოითხოვდნენ, მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები