კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ახალი შს მინისტრი წარმატებული იქნება
ვახტანგ გომელაური ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. იგი დარწმუნებულია, რომ გომელაური წარმატებული მინისტრი იქნება და ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვან საქმეებს განახორციელებს.
„მივესალმები ბატონ ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას. შსს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტრო ქვეყანაში. ბატონი ვახტანგი გახლავთ ძალიან ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და რაც მთავარია, მაღალი დონის პროფესიონალი. ამიტომ მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ბატონი ვახტანგ გომელაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიიღო – ნამდვილად მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული მინისტრი იქნება და ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრინიკაში” საუბრისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.