“ინფორმაცია, რომ ჭიკაიძე მკვლელებს ხელს აფარებდა, იური ვაზაგაშვილს შეგნებულად, შეცდომაში შეყვანის მიზნით მიაწოდეს”
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ვარაუდით, ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე ზურაბ მკვლელებს თითქოს-და, ხელს აფარებდა, იური ვაზაგაშვილს შეგნებულად, შეცდომაში შეყვანის მიზნით მიაწოდეს.
„კვირასთან“ საუბრისას მჟავანაძე აცხადებს, რომ „მსგავსი სახის სიცრუის“ გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის. მჟავანაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს დისკრედიტაციას ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს.
„არ გამოვრიცხავ, რომ იური ვაზაგაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებმა აღნიშნული ინფორმაცია შეგნებულად მიაწოდეს და უთხრეს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებდა. „ნაციონალებმა“ დიდი ხანია დაიწყეს შს სამინისტროს დისკრედიტაციის კამპანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიპიარისთვის იყენებს მათ რუპორ მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამით ყველანაირად ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ შს სამინისტროს საქმიანობას“,- განუცხდა „კვირას“ ნიკოლოზ მჟავანაძემ.
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის თქმით, დასადგენია, რეალურად მუშაობენ თუ არა ძალოვან უწყებებში ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილი გახმაურებული საქმეების მონაწილეები.
თუმცა მჟავანაძე გამორიცხავს, რომ უწყებაში ასეთი პირების ყოფნის შემთვხვევაში ჭიკაიძეს მათთვის მფარველობა გაეწია.
რაც შეეხება ჭიკაიძის მიერ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მჟავანაძე ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით ჭიკაიძემ საკუთარი ღირსება დაამტკიცა.
„ყოფილი ხელისუფლების დროს უამრავი სადისტური შემთხვევა მოხდა, მაშინ ძალოვანი უწყებების იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდან, რომელთა პირდაპირი ბრალეულობა იკვეთებოდა საქმეებში, ბოდიშიც არ მოგვისმენია. დღეს ალექსანდრე ჭიკაიძე ღირსეულად მოიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მის მიმართ აღნიშნულ საქმეში რაიმე სახის ბრალდება არ გაჟღერებულა, მან იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა და გადადგა“,- აცხადებს მჟავანაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ჭიკაიძე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ცრუა და ის „ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა”.
„გასაგებია, რომ ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა ეს ცრუ ინფორმაცია და ბატონ იურის მიაწოდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეს შეგნებულად გააკეთეს, მაგრამ სიმართლე გაირკვევა, გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს დავოსში.
რაც შეეხება უშუალოდ იური ვაზაგაშვილის საქმეს, მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, “ძალიან მკაცრად დაისჯება”.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია ჭიკაიძის განცხადებაში.