მეგის ქარდავასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მეგის ქარდავას გარდა, პატიმრობა კიდევ რამდენიმე პირს მიუსაჯა. საქმე შეეხებოდა ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 5 პირის – პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელიშვილის, სერგო ჩაპლიგინის და გიორგი ჩიკვატიას წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტებს, რასაც საპატიმრო დაწესებულებაში სერგო თეთრაძის გარდაცვალება მოჰყვა.
ქარდავას განაჩენთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და მის მიმართ სექსუალური მოქმედების ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისათვის. იგი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის წამების და გიორგი ჩიკვატიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის შთანთქმით განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე საქმეში, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების და მის მიმართ სექსუალური მოქმედების ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისათვის, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები: ალექსანდრე მუხაძე, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი, სსკ-ის 25, 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, 25, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი დირექტორის რატი მგელაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და იგი დამნაშავედ ცნო დაზარალებულ სერგო თეთრაძის საპყრობილიდან უკანონოდ გაყვანის და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის, ისევე როგორც ამავე ბრალდებით დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სამხედრო ჰოსპიტალის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად კაპანაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი სერგო ბიწაძე, რისთვისაც სერგო ბიწაძეს და ზვიად კაპანაძეს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 1 წლითა და 6 თვით, რატი მგელაძეს კი 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ დაზარალებულ გიორგი ჩიკვატიას მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეპიზოდზეც იმსჯელა და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, კერძოდ, შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს კოხტა კოდუას, გიორგი ჩიკვატიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს ყოფილ უფროსს თორნიკე გუნავას, გამოძიებასთან თანამშრომლობის და მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძელზე, ამავე ბრალდების ეპიზოდში, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად დატოვა. საქმე, რომლის განხილვაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დასრულდა, შეეხებოდა დროის მოკლე მონაკვეთში, ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 5 პირის – პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელიშვილის, სერგო ჩაპლიგინის და გიორგი ჩიკვატიას წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტებს, რასაც საპატიმრო დაწესებულებაში სერგო თეთრაძის გარდაცვალება მოჰყვა და რაშიც ერთობლივად მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელიშვილის, სერგო ჩაპლიგინის წამებისათვის მთავარი პროკურატურის მიერ ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს ბაჩანა ახალაიას და საქმე უახლოეს მომავალში არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიგზავნება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები