„ნაციონალები“ რომ შუბლს იჭმუხნიან და ვაზაგაშვილის მკვლელობის გამო „წუხან“, ამაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება შეაფასა.
დეპუტატის განცხადებით, ეს არაადამიანური ფორმით ჩადენილი, კარგად დაგეგმილი სასტიკი მკვლელობა იყო. პაპუაშვილმა ყურადღება გამოძიების პროცესზეც გაამახვილა. მისი თქმით, სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან მიმართებაში საქმეები ისე არ წარიმართა, როგორი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა. მისი განცხადებით, საზოგადოება ხელისუფლების მიმართ მომთხოვნი უნდა იყოს.
„ეს არაადამიანური და შოკისმომგვრელი მკვლელობა იყო, რომელიც აშკარად კარგად მოფიქრებული და უშეცდომოდ განხორციელებულია. მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც ამ დრომდე ვერ მოხდა გახმაურებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, თუმცა ფაქტი ერთია, საქმე ამ კუთხით ისე არ წავიდა, როგორც საზოგადოება ელოდა. ბევრი კითხვა არსებობს და ხელისუფლებამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. უნდა გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც მემკვიდრეობით გვერგო. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოუწოდებდნენ, რომ ხელის აუკანკალებლად მოეკლათ, რომ არ ყოფილიყო ტოლერანტობა, ამბობდნენ, რომ გვამები სჭირდებოდათ და მათ სანაცვლოდ პრემიებს ჰპირდებობდნენ… ამ დათესილის მოსავალს ვიმკით. „ნაციონალები“ რომ შუბლს იჭმუხნიან დღეს და „წუხან“ ვაზაგაშვილის მკვლელობის გამო, ამაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მკვლელობის ორგანიზატორები ამით, შესაძლოა, ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები