ლიფტით მგზავრობა, შესაძლოა მეტრომანით შეძლოთ – რას სთავაზობს კიბერმეცნიერი თბილისელებს
„ხურდა მჭირდება ლიფტისთვის“ – ეს ფრაზა თბილისელებისგან ალბათ ხშირად გსმენიათ. ლიფტით მგზავრობისას ხურდების მოძიება ქართველ კიბერმეცნიერს, ირაკლი ქარდავას მოუხერხებლად მიაჩნია. იგი დედაქალაქს ლიფტში მგზავრობისას საბარათო სისტემით გადახდის კონცეფციას სთავაზობს. იდეის განხორციელების შემთხვევაში, თბილისელებს ჯიბეში ხურდის ნაცვლად, მეტრომანი უნდა ჰქონდეთ.
გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა მგზავრობისას გადახდილი, გაუკონტროლებელი თანხები დაფიქსირდეს და ის ლიფტების კეთილმოწყობას მოხმარდეს.
პროექტი ირაკლი ქარდავამ კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორთან, მერაბ ჩიკვინიძესთან ერთად შეიმუშავა. როგორც ქარდავა „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, დღესდღეობით თბილისის ლიფტებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები უკონტროლოა. მისი თქმით, თუკი მის მიერ შემუშავებული თანამედროვე სისტემა ამოქმედდება, მგზავრობისას გადახდილი ფული სრულად აღირიცხება. ასევე გაკონტროლდება, რომ თანხა ლიფტების კეთილმოწყობისა და გამართულად მუშაობისთვის გამოიყენონ.
„თბილისის სადარბაზოებში და ლიფტებში როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე გადახდის სისტემის მოუქნელობის თვალსაზრისით რთული და სავალალო მდგომარეობაა. ხურდების ჩაყრა და შემდეგ ამ ხურდების ჩაყლაპვა საზოგადოების დისკომფორტს იწვევს. დედაქალაქის ლიფტებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან. აღმოჩნდა, რომ მგზავრობისას გადახდილი თანხა სად მიდის, არავინ იცის. სახელმწიფო ვერ არეგულირებს ამ სისტემას. მთავარი პრობლემა სწორედ ამ სისტემის გაუმართაობაშია. მე და ჩემს მეგობარს გვაქვს იდეა, რომელსაც შეუძლია ეს სისტემა უფრო თანამედროვე ეტაპზე გადაიყვანოს და მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემა. ადამიანს შეეძლება მეტრომანით, რომელსაც მეტროსა და ავტობუსით მგზავრობისას იყენებს, ლიფტით მგზავრობისასაც ისარგებლოს. შემოსული თანხა ავტომატურად დაფიქსირდება, დაექვემდებარება კონტროლს, დისკომფორტი, რომელიც ხურდებით სარგებლობის დროს ჩნდება, მოიხსნება. დაინერგება თანამედროვე და დახვეწილი სისტემა. შემოსული თანხა შესაძლებელი იქნება, გამოვიყენოთ თბილისის კორპუსებში არსებული არაკომფორტული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ეს მოაწესრიგებს ქალაქს და თბილისელებისთვის ლიფტით მგზავრობა უფრო მოსახერხებელი გახდება“, – ამბობს ქარდავა.
ქართველმა კიბერმეცნიერმა აღნიშნული იდეა თბილისის მერს უკვე გააცნო. მისი თქმით, ლიფტებით მგზავრობის სისტემის კონცეფციამ დედაქალაქის მერის და კეთილმოწყობის სამსახურის მოწონება დაიმსახურა. ქართველ დოქტორებს მერიაში განუცხადეს, რომ თბილისში აღნიშნული პრობლემის მოგვარებით დაინტერესებულები არიან, ამიტომ კონცეფციის გაცნობის შემდეგ დაუკავშირდებიან.
„მერთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ. მან ძალიან დადებითი დამოკიდებულება გამოხატა და კეთილმოწყობის სამსახურთან გადაგვამისამართა. ამ სამსახურის ხელმძღვანელობას შევხვდით. იდეა მათაც მოიწონეს. პროექტის აღწერილობა წარვუდგინეთ და ახლა საბოლოო პასუხს ველოდებით. თუ მოჰყვება ქმედითი ნაბიჯები, კარგი იქნება. გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან, რადგან მათ აინტერესებთ ეს თემა“, – აღინიშნა ქარდავამ.
მისივე თქმით, ლიფტით მგზავრობისას გადახდის საბარათო სისტემის ჩამოყალიბებისთვის დიდი ფინანსები საჭირო არ არის.
„კვირა“ დედაქალაქის ლიფტებში არსებულ სახიფათო მდგომარეობაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა. როგორც მაშინ გაირკვა, მერიაში არ არსებობს სამსახური, რომელიც დედაქალაქში ლიფტების გამართულად მუშაობას გააკონტროლებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისში 10 000-ზე მეტი ლიფტია, ხოლო ამწე – სატრანსპორტო და წნევის ქვეშ მომუშავე ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს, რომელსაც უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მათი პერიოდული შემოწმება ევალება, 5 თანამშრომელი ჰყავს.