„საზღვარგარეთ ხელოვანებს, საქართველოსგან განსხვავებით, დიდ პატივს სცემენ…“
„5 წლის ვიყავი, ძილის დროს რაღაც მონახაზებს ვაკეთებდი ჰაერში. მშობლები გაკვირვებულები იყვნენ და ხუმრობდნენ, დირიჟორობას აპირებსო? შეიძლება ითქვას, პირველად პაპაჩემმა დაიჯერა, რომ მხატვარი გავხდებოდი. სოფელში ყოფნის დროს ერთ-ერთი ამბავი მომიყვა, რომელიც შემდეგ ქაღალდზე ფანქრით გადმოვიტანე. გაოცებულმა თქვა, აუცილებლად მხატვარი გამოვაო.“ – მხატვარი გელა პაპიაშვილი.
– ფერწერაში მუშაობ…
– დიახ, მე მხატვარ გოჩა ბასიაშვილის მოწაფე ვარ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი დავამთავრე. ძირითადად, პეიზაჟებს ვხატავ. ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა ჩემი ქალაქი, სამშობლო, ქვეყანა ლამაზი იყოს. ფერით მონასმშიც ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც ჩემს წარმოსახვაშია. რაც მთავარია, ეს დამთვალიერებელმაც იგრძნოს.
– ფერები…
– მკვეთრი ფერები მომწონს, რაც ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავს. წითელი, ლურჯი, ყვითელი, მწვანის შეხამება. ამ ყველაფერს ფერწერაში ცოტა ოსტატობაც სჭირდება. ტექნოლოგიიდან გამომდინარე, როცა მუშაობ, იცი, როგორ უნდა მიუდგე საქმეს. მუშაობის პროცესში მე თავისუფალი ვარ და, რაც მოდის, ის გადმომაქვს ტილოზე.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
– მუშაობის დროს ხმაური ძალიან მაწუხებს. აუცილებლად მარტო უნდა ვიყო. ვრთავ წყნარ ან კლასიკურ მუსიკას და ამ გარემოში ჩემთვის მშვიდად ვმუშაობ.
– გამოფენები…
– სტუდენტობის პერიოდში ჯგუფურ გამოფენებში ვმონაწილეობდი. თებერვალში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პირველი პერსონალური, საქველმოქმედო გამოფენა -გაყიდვა მექნება. ვმუშაობდი შეკვეთებზეც. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გვერდი მაქვს, სადაც ჩემს შემოქმედებას ვდებ. ძირითადად, მაინც ვჩქუნი ნამუშევრებს, მაგრამ ახლა გამოფენისთვის მჭირდება და თავს ვიკავებ.
– წერ ხატებსაც…
– სტუდენტობის პერიოდში აღორძინების პერიოდის ნამუშევრები ვნახე და ძალიან მომეწონა. დავიწყე ხატების წერა და მითხრეს, რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე არ შეიძლებოდა. ამიტომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში აღარ ჩავაბარე. რაც კოლეჯში ვისწავლე, ფაქტობრივად, ის უნდა მესწავლა აკადემიაშიც. გადავწყვიტე, სამებაში ხატწერა შემესწავლა. გარდა ამისა, აფხაზეთის კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ვმონაწილეობდი და სიგელი გადმომცეს. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა. 15 ხატი დავწერე. ჩემი რამდენიმე ხატი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.
– ზოგადად, რა მოაქვს კონკურსებს?
– კონკურსები პიარს ჰგავს, საზოგადოება გიცნობს და ეცნობა შენს შემოქმედებას. მაგრამ, მე ვფიქრობ, ნამდვილმა მხატვარმა ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ის თავისი მუშაობით უნდა იყოს დაკავებული.
– რამდენად შესაძლებელია საქართველოში საკუთარი შემოქმედებით იცხოვრო?
– საქართველოში ამ ეტაპზე ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა, ვიდრე ადრე იყო. ძალიან უჭირთ ხელოვანებს, ახალგაზრდებზე რომ არაფერი ვთქვათ. ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას. ბევრი მხატვარი სხვა საქმით დაკავდა. საზღვარგარეთ საქართველოსგან განსხვავებით ხელოვანებს დიდი პატივს სცემენ. ნამუშევრებს, ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ.
მეც ვმუშაობდი წარმოებაში, იმიტომ რომ სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი და ელემენტარულად საღებავები მეყიდა. მაგრამ, ძალიან არეული სამუშაო საათები მქონდა, ფაქტობრივად, ხატვას ვერ ვახერხებდი. იძულებული გავხდი, არჩევანი გამეკეთებინა და საწარმოში მუშაობას თავი დავანებე.
მხატვართა კავშირი მოითხოვს, ეროვნულ გალერეაში, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ახალგაზრდა მხატვრების გამოფენები მოეწყოს. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი მოგვარდება. გალერეა რომ იქირავო, სოლიდური თანხაა საჭირო, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
– მინდა, რომ…
– მინდა, მქონდეს ჩემი სახელოსნო, რომელიც დიდი ფუფუნებაა ჩემთვის, სადაც დამოუკიდებლად და მშვიდად ვიმუშავებ.
მინდა, ახალგაზრდებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ, მისცენ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება.
იმედი მაქვს, უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა.
მზევინარ ხუციშვილი