2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების – საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს.
2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების – საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სოფლის სახლებში მოსახლეობას შეუძლია მიიღოს ზუსტად ის სერვისი, რასაც ქალაქის მოსახლეობა ღებულობს იუსტიციის სახლებში და უფრო მეტიც. მისივე თქმით, სადაც კლიმატი ამის საშუალებას იძლევა, მშენებელობა იანვარ-თებერვალში დაიწყება.
“ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი სოფლის მოსახლეობისთვის. გადავწყვიტეთ, 2015 წელს ე.წ. სოფლის სახლები – საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს იღებს, აშენდეს 13 სოფელში და დღეს მივიღეთ თანხმობა მთავრობისგან, რომ იანვარშივე დაიწყოს მშენებლობა გურიაში, კერძოდ, ქვემო ნატანებში. საოკუპაციო ზოლთან სამეგრელოში, სოფელ ორსანტიაში, დაბა კაზრეთსა და ყვარლის რაიონებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ეს ახალგაზრდებს სოფლებში საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს. “ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სოფლად დამაგრებას და იქვე საქმიანობის წარმოებას, რადგან სოფლის სახლებში ჩვენ ვაკეთებთ მათთვის ბიბლიოთეკას, უფასო ინტერნეტს და სხვა”, – განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით, წელს იუსტიციის სახლების მშენებლობაც გაგრძელდება და ეს მოხდება მთიან რაიონებში, კერძოდ – ყაზბეგში, თიანეთსა და ბორჯომში.