რამ გამოიწვია ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა – მოსახლეობის ბრალდებები
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევას შესაბამისი სამსახურების დაგვიანებულ რეაქციას უკავშირებს. ამასთან, ამ ქუჩის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ელბაქიძის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა დაუშვებელია. მათი ვარაუდით, გზის ჩამონგრევა სწორედ აღნიშნულმა სამუშაოებმა განაპირობა.
ადგილობრივი მოსახლე დიმიტრი წულუკიძე „კვირასთან“ საუბრისას შესაბამის სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
„მე აქ ვცხოვრობ. დილით მე დავრეკე 9-ის ნახევარზე წყალსადენში და ვუთხარი, რომ მილსადენიდან მაღალი წნევით მოდიოდა წყალი. მილი მანამდეც იყო დაზიანებული. ქუჩაზე სხვა ადგილას ამოხეთქა წყალმა და წყალკანალს ძლივს გავაკეთებინე, ერთი კვირა ვდიე, რომ მიეხედათ. არავინ აქცევს ყურადღებას. მერიაშიც და გამგეობაშიც ყველა გავაფრთხილე, რომ მიეხედათ ამ წუნისთვის, ბოლოს და ბოლოს ამ სახლის დანგრევა როგორ შეიძლება, აქ ხომ მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა.
მე ვფიქრობ, დიდი ალბათობით გზის ჩანგრევა გამოწვეულია ამ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებით, აქ არ შეიძლება დაშვებული იყოს ეს მშენებლობები, ეს ქუჩა მალე საერთოდ დაინგრევა, მაგრამ რას მოვერევით იმას, ვინც აშენებს. მათთან უძლურები ვართ“,-განუცხადა “კვირას“ დიმიტრი წულუკიძემ.
ტერიტორიული ერთეულის ვერის უბნის სამსახურის უფროსი პაატა მონიავა აცხადებს, რომ ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის დაზიანებამდე, მოსახლეობის მხრიდან რაიმე სახის საჩივარი არ შესულა.
მისი თქმით, გზის ჩამოშლამდე რამდენიმე წუთით ადრე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტობუსმა გადაიარა და შემდეგ გზა ჩაინგრა.
“მოსახლეობისგან საჩივარი არ შემოსულა, უბრალოდ, შიდა წყალი ქვემოდან რეცხავდა მიწას და ამან განაპირობა, რაც მოხდა. ჩანგრევას არავინ ელოდა. დღეს ავტობუსმა გაიარა და მეტრებში გადარჩა, შეიძლება ჩავარდნილიყო, მსხვერპლი არ ყოფილა“,- განუცხადა “კვირას“ პაატა მონიავამ.
მონიავა გამორიცხავს, რომ გზის ჩამოშლა მიმდინარე სამშენებლო პროცესებს უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.