დავით ნარმანია: გზის ჩამონგრევის მიზეზებს შესაბამისი სამსახურები გამოიკვლევენ
ჩვენ გვინდა, შესაბამისმა სამსახურებმა მომხდარის გამომწვევი მიზეზები დაადგინონ, რომ პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთოს და შესაბამისი სანქციები დაწესდეს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ელბაქიძის ხიდზე განუცხადა, სადაც გზის დაზიანებული ნაწილი მოინახულა.
მერმა აღნიშნა, რომ მომხდარი ამბის ერთ-ერთი მიზეზი უყურადღებობაა. ნარმანიას თქმით, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყოს.
„იმისათვის, რომ გზა იყოს უსაფრთხო, სწრაფად დავიწყებთ საპროექტო სამუშაოებს, რომელიც გვიჩვენებს კონკრეტულ საინჟინრო გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმის პროექტი უნდა განვახორციელოთ. დღესვე მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ სამუშაოების სწრაფად, გადაუდებელი ფორმით დაწყებაზე თანხმობა მივიღოთ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სხვა სამსახურები, რომ დღეს ქუჩა გადაიკეტოს, და, მეორე მხრივ, იყოს უსაფრთხო გარემო იმისათვის, რომ სამსახურებმა იმუშაონ და, რაც მათ ავალიათ, ის გააკეთონ.
“კვირა“ დაინტერესდა, თუ რა პრევენციულ ზომებს მიიღებს მერია, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის სხვა უბნებში აღარ განმეორდეს.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, შესაბამისი სამსახურები თბილისის ყველა უბანში ახორციელებენ ზედამხედველობას შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ ვმუშაობთ ყველა უბანში ზედამხედველობის სამსახურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეშვეობით, რათა თუ რამე სარისკო სიტუაცია იქნება, ასეთ შემთხვევაში, მოხდეს ამ რისკის თავიდან აცილება. ეს ის შემთხვევა იყო, როცა თვითონ მოსახლეობამ დარეკა წყალმომარაგების სამსახურში, თუმცა რეაგირება, როგორც ჩანს, დაგვიანდა. ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ გზებზე და სხვა საინჟინრო ნაგებობზე, იგივე ხიდებთან მიმართებაში და ხიდების რეაბილიტაციას ვიწყებთ, რადგან ხიდების მდგრადობის მაჩვენებელი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ვმუშაობთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა და დადგენა შეუძლებელია“, – განუცხადა “კვირას“ დავით ნარმანიამ.
დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავონ.