თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული ხდება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო“ პირველ ინტერნეტ აუქციონს დღეს იწყებს. მერიის ინფორმაციით, აუქციონზე საკუთრების უფლების ფორმით გასასხვისებლად 58 ერთეული ლოტია გამოტალი.
ცვლილების მიხედვით, თუ აქამდე აუქციონი მხოლოდ ერთ დღიანი იყო, ამიერიდან ის რამდენიმე დღეს გასტანს. დაინტერესებულ პირს შეეძლება, ვაჭრობა აუქციონის გამოცხადების პირველივე დღეს დაიწყოს და აუქციონის ვადის ამოწურვამდე ივაჭროს. აუქციონის ვადას ყოველ კონკრეტულ აუქციონზე თბილისის მთავრობა განსაზღვრავს და 5-დან 45 დღემდე გასტანს. კანონმდებლობაში ცვლილების შესვლამდე, აუქციონზე განაცხადის შეტანის ვადა ქ. თბილისის მთავრობის მიერ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 15 დღის, ხოლო მოძრავი ქონების/წილის შემთხვევაში – არანაკლებ 5 დღის ვადით განისაზღვრებოდა.
მერიის ინფორმაციით, გრძელვადიანი პერიოდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნოს ვაჭრობის პროცესს და მხოლოდ ერთ დღეზე არ იყოს დამოკიდებული. იყო შემთხვევები, როდესაც განაცხადის შემოტანის შემდეგ, ვაჭრობის დღეს, გარკვეული მიზეზების გამო, მსურველები ვეღარ იღებდნენ აუქციონში მონაწილეობას. ახლა, როდესაც ვაჭრობის პროცესი გახანგრძლივდა, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება ვაჭრობაში ჩართვა. დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს საიტზე:www.iauction.ge, აირჩიოს მისთვის სასურველი ლოტი და ჩაერთოს ინტერნეტ-აუქციონში.
უძრავი ქონების საწყის საპრივატიზებო ფასს, დამოუკიდებელი აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით, ამტკიცებს საკრებულო. გარდა ამისა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, შეიცვალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების ფორმებიც. „ქონების მართვის სააგენტოს“ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გასხვისების უფლება აღარ აქვს. სააგენტო უძრავ ქონებას მხოლოდ ინტერნეტ-აუქციონის წესით გაასხვისებს.
კოდექსის ამოქმედების შემდგომ საჭირო გახდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ აუქციონის ჩატარების წესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. მუნიციპალური ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა მას შემდეგ განახლდა, რაც აღნიშნული წესები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოვიდა.