ნინოწმინდის რაიონში მაშველებმა თოვლიდან 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს (ვიდეო)
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფების მიერ ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო, გზაში ჩარჩენილი ავტომობილებისა და მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შექმნილი რთული ვითარების გამო, ადგილზე, ნინოწმინდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფების გარდა, მობილიზებულია ახალქალაქის, ასპინძის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან სპეციალური მაღალი გამავლობის ავტომანქანებით დამატებით გაიგზავნა ხუთი ჯგუფი.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს თოვლიდან და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს. სამაშველო სამუშაოებს ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები.