კვიციანის წერილი „კვირას“: ბოკერია – რურუამ კოდორში დაღუპულები „დაღუპულ თხუნელებად“ მოიხსენიეს

საინფორმაციო – ანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ“ ციხიდან კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის წერილი მიიღო.
წერილში ემზარ კვიციანი ოკუპირებულ კოდორის ხეობასა და უკრაინის მოვლენებზე საუბრობს.
მთავარი კითხვა, რომელიც კვიციანს კოდორის ხეობის დაკარგვიდან დღემდე აქვს, ასეთია – „სააკაშვილის მიერ გაპიარებულმა ქართველებმა რატომ არ იბრძოლეს კოდორში?!“.
„ამ ბოლო დროს ხშირია ლუსტრაციები. 2005 წელს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიასა და ნიკა რურუას შეურაცხმყოფელი განცხადებები გამახსენდა, სადაც კოდორის ხეობის დაცვისას დაღუპული გმირები „დაღუპულ თხუნელებად“ მოიხსენიეს. არადა, ნამდვილად არ მახსოვს, მაშინ ჩვენი, კოდორის (დალის ხეობის) დასაცავად ვინმეს ხმა ამოეღო. ეტყობა, კოდორისთვის ბრძოლა ნაკლებად იყო საქართველოსთვის ბროლა, ვიდრე ლუგანსკისთვის. ან, ჩვენ, კოდორელი სვანები არ მივაჩნივართ ამ პოლიტიკოსებს ქართველებად“, – წერს კვიციანი წერილში და აღნიშნავს, რომ წარსულზე საუბარს მეტს აღარ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი ნამდვილად ძალიან ბევრია.
უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით კვიციანი უკრაინაში დაღუპულ ალექსანდრე გრიგოლაშვილსაც ახსენებს: „რატომ ლუგანსკში, რატომ არ იბრძოლეს კოდორში? უბრძოლველად რატომ დატოვეს ტერიტორია და უკანასკნელი იმედი აფხაზების დაბრუნების საქართველოს შემადგენლობაში?! დარწმუნებული ვარ, ცხონებული ალექსანდრე გრიგოლაშვილი გულწრფელად იქნებოდა იქ საბრძოლველად, მაგრამ, ისეთი ოდიოზური პირები, როგორებიც არიან ირაკლი ქურასბედიანი და მიხეილ სააკშვილი, მათ გვერდით ყოფნა გარკვეულ კითხვებს აჩენს“, – წერს ემზარ კვიციანი.
ემზარ კვიციანი უკრაინისთვის მებრძოლ ქართველ ბიჭებს მიმართავს და ამბობს, რომ კარგად უნდა დაფიქრდნენ: „პატივცემულო მეომრებო, ჩემსავით თქვენ ბევრი არ გეტყვით სიმართლეს და არც თანაგიგრძნობთ. კარგად დაფიქრდით, ვისთან ერთად მიდიხართ და რა საქმეს ემსახურებით. თქვენდაუნებურად, მტერს არ გაუწიოთ სამსახური!“- აღნიშნავს კვიციანი.
კვიციანი წერილში ალექსანდრე გრიგოლაშვილს კიდევ ერთხელ ახსენებს და ამბობს, რომ დაღუპული მებრძოლის ოჯახს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ: „მოვუწოდებ ხელისუფლებას, თუ ცხონებული გრიგოლაშვილი მათი დავალებით იყო წასული უკრაინაში საომრად, ოჯახს კომპენსაციის სახით ერთი მილიონი ლარი გადაუხადონ. თუ არა, ვისი მიწვევითაც იყო წასული, თუნდაც „ნაციონალების“, მათ გადაუხადონ ეს კომპენსაცია, დაღუპულის ოჯახს! ეს იქნება სამართლიანობა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მილიარდელი სააკაშვილის უბრალო პიარი!“- აცხადებს ემზარ კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები