„ემპათია“ განცხადებას ავრცელებს
ცენტრი „ემპათია“ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციონირების თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და განცხადებითვე პასუხობს. „კვირა“ ორგანიზაცია „ემპათიას“ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2014 წლის 26 დეკემბერს გავრცელდა სახალხო დამცველის განცხადება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ და ექსპერტთა მიერ გამოთქმული პრეტენზიების თაობაზე. აღნიშნულ განცხადებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს წამებისა და სხვა სასტიკი ღირსების შემლახავი ფაქტების დოკუმენტირების მნიშვნელობას, ასევე საუბრობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერების აუცილებლობაზე. მოგახსენებთ, რომ, სწორედ, აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრულია წამების დოკუმენტირების საერთაშორისო პრინციპებში, კერძოდ, კი „სტამბოლის პროტოკოლში“ – „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო“ (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2001 წელი), რაზედაც სახალხო დამცველის აპარატში 22/12/2014 წელს პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინდივიდუალური საქმეები გადასცა მართლმსაჯულების დეპარტამენტს, ხოლო „სტამბოლის პროტოკოლი“ სავალდებულო ნორმა არ არის. მოგახსენებთ, რომ წამების ფაქტების დოკუმენტირება სწორედაც რომ ინდივიდუალურ შემთხვევებს შეეხება. ასე რომ, საქმე გვაქვს ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებთან, რაც მიუთითებს წამების პრევენციის საკითხის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე. სწორედ, ეს გახდა საფუძველი ცენტრი „ემპათიას“ ექპერტთა ჯგუფის მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმის დატოვებისა. ასევე გაცნობებთ, რომ არც ერთ ექსპერტს, რომელმაც დატოვა პრევენციის ეროვნული მექანიზმი არ დაურღვევია არც კანონით დადგენილი ვალდებულება და არც სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული „ქცევის კოდექსი“, თუმცა, მოთხოვნები, რომელიც სახალხო დამცველმა წამოაყენა გასცდა როგორც კანონით დადგენილ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს და დაარღვია გამოხატვისა და აზროვნების თავისუფლების პრინციპი, ასევე დაარღვია ექსპერტთა დამოუკიდებლობის პრინციპი.
რაც შეეხება სახალხო დამცველის ვებგვერდზე სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის შედეგად ძირითადად 2014 წელს გაცემულ წინადადებებსა და მოკლე ანგარიშებს სხვადასხვა ციხის მონიტორინგის შესახებ (www.ombudsman.ge), არ არის ინფორმატიული წამების პრევენციის საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე. აღნიშნულ მოკლე ანგარიშებში თავი “არასათანადი მოპყრობა“ ყველაზე მცირეა და არ ასახავს საჭირო ინფორმაციას, კერძოდ, როგორც მინიმუმ: თუ რა ვითარებაში ხდება პატიმართა მიღებისას მათი შემოწმება და რა სტატისტიკური მონაცემები არსებობს ახლად შეყვანილ პატიმართა სხეულზე არსებულ დაზიანებათა შესახებ, რა სახის რეაგირება იყო ასეთ შემთხვევებზე და როგორ არის ასახული ეს უკანასკნელი დოკუმენტაციაში. იმავე ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია „სპეციალური საინფორმაციო ნარკვევი ადმინისტრაციულ საზღვარზე დაკავებებისა და პატიმართა მდგომარეობის შესახებ“ – „სახალხო დამცველის სპეციალური საინფორმაციო ნარკვევი გამყოფ ხაზზე დაკავებებისა და პატიმართა მდგომარეობის შესახებ“, რომელის თაობაზე მოგახსენებთ შემდეგს:
1. აღნიშნული საოკუპაციო სასაზღვრო ზოლი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას „ადმინისტრაციულ საზღვრად“, ან თუნდაც უბრალოდ „გამყოფ ხაზად“;
2. ასევე აღნიშნულ „ნარკვევში“ ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები სამოქალაქო პირთა დაკავების შესახებ, მათი წამების პრევენციის სტანდარტებით შეფასების შესახებ და რომ სამოქალაქო პირთა დაკავება – დაპატიმრება – გატაცება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით განსაზღვრულ ნორმებს;
3. არ არის გაცემული რაიმე სახის რეკომენდაცია ან/და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინა სახალხო დამცველის ეროვნულმა პრევენციულმა მექანიზმმა ამ ფაქტების დოკუმენტირება და მიმართა თუ არა საქართველოს პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით ან/და რა ეტაპზა გამოძიება;
4. ამავდროულად, მოგახსენებთ, რომ არც წამების ფაქტების დოკუმენტირებაში გამოცდილი ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტებისათვის მიუმართავს აღნიშნული ფაქტების დოკუმენტირების მოთხოვნით. ყოველივე აღნიშნული, ასევე ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტთა უკვე გამოქვეყნებული განცხადებები: 21/11/2014, 23/12/2014, 24/12/2014 (f rct.empathy) მიუთითებს მოქმედი პრევენციული მექანიზმის არაეფექტურობაზე, ასევე ექსპერტთა მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე.
შესაბამისად, ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები არ მიიღებენ სახალხო დამცველის მიერ გამოცხადებულ ეროვნული პრევენციული მექანიზმის ახალ კონკურსში მონაწილეობას და მიმართავენ საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მსჯელობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სახალხო დამცველის აპარატიდან გატანის თაობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება და ამ მექანიზმის დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება“, – ნათქვამია განცხადებაში.