იკრძალება, თუ არა ახალი წლიდან რუსეთში ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა? – სამინისტროს განმარტება
„ახალი წლიდან რუსეთში შესაძლოა, ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა აიკრძალოს“, – ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთი “რეზონანსი” რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა პუტინმა ხელი ჯერ კიდევ აგვისტოში მოაწერა და ამის მიზეზად საკარანტინო პირობები დაასახელა.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „კვირა“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ხილ-ბოსტნეულის შეტანის თაობაზე დოკუმენტს ხელი 2014 წლის ნოემბერში მოაწერა, მანამდე კი რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქართული პროდუქცია შეამოწმეს. მათივე განცხადებით, რუსულ ბაზარზაე ქართული ხილ-ბისტნეული ამ დრომდე შედის.
სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს რუსეთის მხირიდან ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლიდან ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დაწესდება არ მიუღია. შესაბამისად, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათთვის გაუგებარია.
როგორც რუსული მედია წერს, 2015 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა ქვეყნიდან პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შევა, რომლის ძირითად კარანტინს დაექვემდებარება ხილი, ბოსტნეული (როგორც ნედლი, ისე გამხმარი ან ჩირის სახით), მწვანილი, სუნელები, თხილი, ჩაი და სხვა მსგავსი პროდუქცია, მათ შორის ყვავილები. ჩამოთვლილი სახეობების შეტანა ევროკავშირისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყნიდან აიკრძალება, მათ შორის, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან. ცნობილია, რომ ახალი რეგულაცია არ გავრცელდება ევრაზიული საბაჟო კავშირის ქვეყნებზე – სომხეთზე, ყაზახეთზე და ბელორუსზე. სამივე ქვეყნიდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი დაბრკოლების გარეშე განხორციელდება. მათ მხოლოდ სპეციალური სერთიფიკატის წარდგენა მოუწევთ. რუსულ ბაზარზე საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 2014 წლის მაისიდან დაიწყო.