ქართველი „კანონიერი ქურდები“ მასშტაბურ შეკრებაზე მოსკოვში ჩადიან
დსთ-ს და ევროპის ქვეყნებიდან მოსკოვში ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდები“ იკრიბებიან. როგორც რუსული პრესა წერს, ისინი ბოლო წლებში „კრიმინალური გენერლების“ ყველაზე მასშტაბურ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას.
მოსკოვში ჩასულ „კრიმინალურ ავტორიტეტებს“ შორისაა დავით სებისკვერაძე, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს და მაფიით რიგ ევროპულ ქალაქებშია დაკავებული. გარდა ამისა, კრიმინალებს შორის შეკრებაზე ვაჟა ბიგანიშვილიც იქნება. ბიგანიშვილი ევროპაში და ყაზახეთში ცხოვრობს და კრიმინალურ წრეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
სააგენტო „როსბალტის“ მონაცემებით, „კანონიერი ქურდების“ უმსხვილესი შეკრება უახლოეს მომავალში გაიმართება. „ზუსტი თარიღი გარკვეული ჯერ არ არის, სავარაუდოდ ღონისძიება ახალ წლამდე ჩატარდება, თუ, რა თქმა უნდა, სპეცსამასახურები და სამართალდამცავები შეკრების ჩატარებაში ხელს არ შეუშლიან“.
შეკრების ორგანიზატორია რუსული მაფიის ყველა ბოსის ბოსი ზაქრო (შაქრო) კალაშოვი. კალაშოვის გეგმით, მაფიოზები შეკრებაზე საკუთარ სფეროში უმსხვილეს კონფლიქტებს განიხილავენ, კრიმინალები ასევე 2008 წლის შემდეგ „ოჯახში“ მიღებულ ახალ წევრებზე ისაუბრებენ. ყველა საკითხზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები სპეციალური წერილების სახით დაიწერება და ყველა ციხეში გაიგზავნება.