ნიკოლოზ ხუნძაკაშვილი: გადაწყვეტილება პრაქტიკულად ისე მიიღეს, თითქოს ლუდის ინდუსტრია საერთოდ არ არსებობდა
გადაწყვეტილება პრაქტიკულად ისე მიიღეს, თითქოს ლუდის ინდუსტრია საერთოდ არ არსებობდა, – ასე გამოეხმაურა „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ფინანსთა მინისტრისა და ლუდის მწარმოებლების ნაკლები კომუნიკაციის შესახებ.
“ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები დავიწყეთ ნოემბრის დასაწყისში, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია აქციზის 100% გაზრდა. ანუ ეს ყველაფერი გავიგეთ პოსტფაქტუმ, გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ამის შემდეგ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ ფინანსთა მინისტრთან და მის მოადგილესთან, მივედით ასეთ შედეგამდე, რომ 1 იანვრიდან 100%-იანი ზრდა აღარ იქნება და 1 მარტიდან აქციზის გადასახადი გაიზრდება 50%-ით. თუმცა ჩვენი არგუმენტებით, 1 მარტიდან ეს 50%-იანი ზრდაც დაუსაბუთებელია. ჩვენი არგუმენტები კი ასეთია, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბიზნესთან კონსულტაცია უნდა გამართონ, ეს მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რომ ბიზნესთან თანამშრომლობა იყოს და ახალ რეგულაციაზე, კანონმდებლობაზე, ან როდესაც რაღაცას ცვლი, ამაზე უნდა ისაუბრო. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, გამჭვირვალე. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩინია, ბიზნესისთვის გონივრული დროის მიცემაა, და როდესაც გადასახადის გაზრდაზეა საუბარი, ორი თვე არანაირად არ ჯდება გონივრული ვადის პერიოდში”, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს ერთ ჰექტოლიტრზე აქციზის გადასახადი 18 ევროს შეადგენს, ხელისუფლებას კი მისი გაზრდა 36 ევრომდე სურდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის მოთხოვნა, მინიმუმ 8.5 ევროა.
“დღევანდელი 18-ევროიანი ფასიც კი 12 ევროპულ ქვეყანაზე უფრო ძვირია და ეს უნდოდათ 36-მდე აეწიათ. ეს ზრდა არაპროპორციულია ჩვენს ინდუსტრიასთან მიმართებაში. კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ ჩვენი ინდუსტრია ერთადერთია, რომელიც 97%-ით ეროვნული ინდუსტრიაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე არსებული ლუდის 97% საქართველოშია წარმოებული. ეს არის ინდუსტრია, რომელსაც სტიმულირება სჭირდება და არა გადასახადების გაზრდა. მდგრად სისტემაში მექანიკური ჩარევა ყოველთვის რყევებს იწვევს. ანუ რა მოხდება ამის შემდეგ, ზრდის პირობებში გაიზრდება ფასი და, შესაბამისად, ბაზარი შემცირდება. მიუხედავად ინფლაციისა, ლუდის ინდუსტრიამ მიაღწია იმას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასები არ გაზრდილა, გადაწყვეტილება კი პრაქტიკულად ისე მიიღეს, თითქოს ეს ინდუსტრია საერთოდ არ არსებობდა”, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.