ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში, ბრატისლავაში გაემგზავრა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბრატისლავაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან, სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან მარტინ გლვაჩთან, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ფრანტიშეკ შებეისთან. სახელმწიფო მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე სიტყვით გამოვა სლოვაკეთის ატლანტიკურ კომისიაში. სლოვაკეთიდან ალექსი პეტრიაშვილი ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრება, სადაც გაიმართება სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანთან ელჩ მიქაელ ლინჰარტთან და ავსტრიის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა ვენის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც გაიმართება დისკუსია „საუბრები საქართველოზე-2014-ში ისევ გზაჯვარედინზე “ („Talk on Georgia in 2014 at Crossroads again“).