მოქალაქემ ცოლის გასუქების გამო „სამსუნგს“ უჩივლა

მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებს ხშირად უცნაური, დაუჯერებელი მოთხოვნებით მიმართავენ. მოსამართლეებს კი ყველაზე არაადეკვატური საქმეების მხოლოდ სამართლებრივი კუთხით განხილვა უწევთ. უცნაური საჩივრის ერთ-ერთი მაგალითია ვისკონსინის შტატის ქალაქ ფონდ-დიუ-ლაკის მკვიდრის ტიმოტი დიუმუშელის მოთხოვნა. ტიმოტიმ 2004 წელს კომპანია ”სამსუნგს” სასამართლოში უჩივლა და ამტკიცებდა, რომ მისი ცოლის გასუქება და შვილების ნამდვილ უმაქნისებად ქცევა, კომპანია “სამსუნგის” წარმოებულმა ტელევიზორმა გამოიწვია.
”სიგარეტს იმიტომ ვეწევი და ალკოჰოლსაც იმიტომ ვეძალები, რომ ბოლო წლების მანძილზე მე და ჩემი ოჯახი მუდმივად ტელევიზორს ვუყურებთ. მოვითხოვ, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ”სამსუნგმა” 17 მილიონი აშშ დოლარი გადაგვიხადოს”, – განმარტავდა მომჩივანი ტიმოტი დიუმუშელი.
დიუმუშელის უფლებებს ერთდროულად ოთხი ადვოკატი იცავდა, თუმცა მოსამართლემ, ტიმოტი დიუმუშელის მოთხოვნა არ დააყმაყოფილა, რითაც კომპანია “სამსუნგმაც” ზარალი თავიდან აიცილა.
ასეთივე უცნაურად “მოინათლა” პოპმომღერლ მაიკლ ჯექსონის ფანების საჩივარი, რომლებიც პოპლეგენდის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. სარჩელი ორლეანის სასამართლოში მომღერლის 35-მა გულშემატკივარმა შეიტანა, თუმცა იმის დამტკიცება, რომ მომხდარმა მათ ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა, მხოლოდ ხუთმა ადამიანმა მოახერხა, ისინი სიმბოლურად 1 ევროს მიიღებენ. თანხის ანაზღაურება კი ჯექსონის პირად ექიმს დაევალა, რომელიც სასამართლომ მომღერლის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები