“ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა თუ ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ქვაკუთხედი სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული” – მიხეილ ყაველაშვილი

“ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს თუ ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო , სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი ერთიანობის, ურთიერთნდობის, ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ისტორიულ გამოცდილებას, კულტურულ ფასეულობებს, უკეთესი მომავლის რწმენასა და სახელმწიფოს შენების სურვილს ეფუძნება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს ღვთისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენი ერის ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა გარშემოც თითოეული ქართველია გაერთიანებული.

დღეს, 30 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამძაფრებული შიდა და გარე გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავიაზროთ ის თითოეული ცნება, თითოეული ღირებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენი ხალხის სურვილს, იცხოვროს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ასევე ჩვენს მიზანს – განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები