„კულტურული პოლიტიკა ვერ იქნება აწყობილი სერიალების, ან გასართობი ჟანრის ფილმების რაოდენობაზე…“
„1998-2005 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, 2007-2008 წლებში – რუსეთის ფედერაციის თეატრის მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო თეატრალურ სკოლაში ვსწავლობდი. დავდგი სპექტაკლები სემუელ ბეკეტის პიესების მიხედვით „ბედნიერი დღეები“ და „კრეპის უკანასკნელი ფირი“, „გოდოს მოლოდინში“, უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით სპექტაკლი „ქარიშხალი“. ვმუშაობ სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად. დაინტერესებული ვარ ისეთი ავტორებით, როგორებიც არიან: რეი ბრედბერი, ანტონ ჩეხოვი, ევგენი შვარცი, სლავომირ მროჟეკი, მერეი შიზგალი, ტენესი უილიამსი, ედუარდ ოლბი.“ – რეჟისორი გიორგი აფხაზავა.
– როგორც ვიცი, კარგად ხატავ, თუმცა მაინც რეჟისურამ სძლია…
– დიახ, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი საქმე არ არის და სწორი არჩევანი გავაკეთე. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო. ექვსი წლის ასაკში უკვე ჩემი პერსონალური, საოჯახო თეატრი მქონდა, სადაც მე და ჩემი სამი წლის დისშვილი ვთამაშობდით. თეატრში სამი ტიპის წარმოდგენა გვქონდა: საესტრადო, საცირკო და თოჯინური. კარგად მახსოვს, როგორ გავდიოდით რეპეტიციებს, წარმოდგენებს სახლში ვმართავდით, ვყიდიდით ბილეთებს ნათესავებთან, მშობლებთან, მეზობლებთან და ჩვენს თეატრს საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდა.
– პირველად რა ითამაშეთ?
– პირველად თოჯინური წარმოდგენა ვითამაშეთ. თოჯინები ჩვენი ხელით გავაკეთეთ. წარმოდგენა მაპეტ შოუს მოტივებზე იყო. ეს პირველი ნაბიჯი იყო. თოჯინები ახლაც შენახული მაქვს. მერე საცირკო წარმოდგენა დავდგით, სადაც უკვე კლოუნადა, აკრობატიკის ელემენტები შევიდა.
ერთხელ ასეთი რამ მოხდა: პროგრამით თოჯინური წარმოდგენა გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ჩავატარეთ. მაყურებელს ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადეთ და მის ნაცვლად ახალი საესტრადო პროგრამა შევთავაზეთ. მოკლედ, ყველაფერი ძალიან სერიოზულად იყო…
– 14 წელი ცენტრალურ საბავშვო თეატრში…
– ცენტრალურ საბავშვო თეატრში სამსახიობო სტუდია გაიხსნა და 12 წლის ასაკში თეატრალურ სტუდიაში ეპიზოდურ როლებს ვთამაშობდი. 14 წლის რომ გავხდი, უკვე შრომის წიგნაკი გამიხსნეს და ვმუშაობდი თეატრში სცენის მუშად, ღამის დარაჯად, და დამხმარე შემადგენლობის მსახიობად. ნელ-ნელა უკვე კვალიფიკაციაც მომეტა, პირველი კატეგორიის მსახიობი ვიყავი და რეჟისორადაც ამიყვანეს. თეატრში სპექტაკლი წამიყვანია, როგორც გამნათებელს, ხმის ოპერატორს. რატომღაც ასე მოხდა, რაც თეატრში ხდება, ყველაფერი კარგად მესმის და მეხერხება.
თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავარე. მესამე კურსიდან უკვე თეატრში სარეჟისორო შტატზე ამიყვანეს. მაგრამ მოხდა რაღაც და თეატრიდან გამოგვაგდეს. ისე, უბრალოდ, მოვიდა ახალი ბიძია და მე, ჩემი მასწავლებელი გია კიტია, ჩვენი თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკა ჯანდიერი მიგვაბრძანეს იმ თეატრიდან, სადაც პირადად მე ჩემი ცხოვრების 14 წელი გავატარე.
თეატრის გარეშე რომ დავრჩით, შევიკრიბეთ თანამოაზრენი და ჩვენი ფონდი „შემოქმედებითი ლაბორატორია“ შევქმენით, სადაც ჩვენი შემოქმედების შექმნა დავიწყეთ. სამწუხაროდ, დახმარება ყოველთვის გჭირდება. დასახმარებლად ხელს რომ არავინ გიწვდის, ყველაფრის კეთება საკუთარი ძალებით გიწევს. თეატრიდან გამომაგდეს, მაგრამ იმავე წელს თეატრალურ ინსტიტუტში ამიყვანეს გია კიტიასთან ჯგუფში ასისტენტად. გიასთან ურთიერთობა, როგორც მოწაფემ დავიწყე, ახლა კი მის ჯგუფში პედაგოგი ვარ.
– მოსკოვი…
– რუსეთის ფედერაციის თეატრის მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო თეატრალურ სკოლაში რეგულარულად დავდიოდი სემინარებზე, მასტერკლასებზე. პირველ ჩასვლაზე მოთხოვნა იყო, ჩვენი სპექტაკლები ჩაგვეტანა. სპექტაკლი „მბეჭდავები“ ჩავიტანე, რომელიც ცენტრალურ საბავშვო თეატრში დავდგი. ჩავიტანეთ, ვითამაშეთ, მოეწონათ და შემოგვთავაზეს, სპექტაკლი მათთან გადაგვეტანა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით და სპექტაკლი მათ რეპერტუარში ჩაჯდა. დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი მოსკოვში, იდეალური სამუშაო პირობები გვქონდა.
– თამაშობდი ფილმებში…
– ვითამაშე ფილმებში: „საქმე ნომერი 11“, „უკანასკნელი მაძიებელი“, „ჩვეული“, რომელიც ჩემი საყვარელი ფილმია და „მე ვზივარ და ვუმზერ“. თუმცა ვთვლი, რომ მსახიობობა ჩემი საქმე არ არის. ის უფრო ჩემი ჰობი და მეორე პროფესიაა. რომ გითხრათ, მიყვარს თამაში, მოგატყუებთ. კინოში გადაღებაზე ვთანხმდებოდი იმიტომ, რომ ფულს იხდიან, აგრეთვე სამსახიობო პრაქტიკა და გამოცდილებაც არის.
– კინო და თეატრი…
– რა თქმა უნდა, ორი ძალიან განსხვავებული სამყაროა. კინოში თეატრისგან განსხვავებით ცოტა რთულია ადამიანებთან ურთიერთობა. რატომღაც არ გიჩნდება სურვილი, ადამიანებთან სერიოზული შემოქმედებითი კავშირები დაამყარო. კინოს ეს პრინციპი აქვს, ჩვენ შევიკრიბეთ, გადავიღეთ და დავიშალეთ. თეატრი ჩემთვის უფრო ფასეულია. თეატრში შეუძლებელია არ შექმნა ოჯახი, მიკროორგანიზმი, მიკროსამყარო. რომ დააკვირდეთ ყველა შედევრი, რაც კი მსოფლიო თეატრის ისტორიაში შექმნილა, იქმნებოდა მხოლოდ ისეთ თეატრებში, სადაც არის თეატრალური ოჯახი და პატარა მიკროკლიმატი. თეატრში შენ ცხოვრობ. ამის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ კინო ჩემთვის უცხო რამ არის. შემოქმედებითად ძალიან მიჭირს ასეთი არამყარი კავშირების დამყარება და არც მიყვარს. მე როდესაც ვმუშაობ, ყველა ჩემიანი უნდა იყოს. კინო მაინც ინდუსტრიაა, თეატრი სამყარო…
– სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა …
– პიესა უნიკალურია იმით, რომ ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავინახოთ აბსოლუტურად, ჩვენგან არაფრით განსხვავებული რამდენიმე წმინდანი ადამიანი. ცოტა მიჭირს ამაზე ლაპარაკი და ახსნა. ალბათ, მე მშურს მათი, რომ არ გააჩნიათ არაფერი, მაგრამ საკუთარ თავთან, თავიანთ მრწამსთან, სიცოცხლესთან, აბსოლუტურ ჰარმონიაში არიან. მათთვის ყველაფერი ცოცხალია, არ არსებობს თეორიული მცნებები და ამ მხრივ საოცარი ტიპები არიან, ისინი ვინც იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც გოდო უნდა მივიდეს…
საერთოდ, ბევრი ვიფიქრე გოდოზე. პიესას პირველად რომ ვკითხულობდი, ბავშვობაში გადამხდარი ჩემთვის ძალიან სათუთი და თბილი ფაქტები გამახსენდა. მივიწყებული ბავშვობის მოგონებები ამომიტივდა და ძალიან გამიკვირდა. მაგრამ, ალბათ, ცხოვრება სწორედ ამაზე არის აგებული…
– სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგი…
– თუ რატომ დავდგი „გოდოს მოლოდინში“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, აქ პასუხი ძალიან მარტივია. როცა თეატრიდან გამოგვაგდეს, გადავწყვიტე, საერთოდ არაფერი აღარ დამედგა. საერთოდ, თეატრების მდგომარეობას რომ თვალი გადავავლე, ძალიან არ მესიამოვნა. გამიჩნდა კითხვა, რად უნდა ხალხს თეატრი? გადაწყვეტილი მქონდა, რომ უბრალოდ თეორიულ საქმიანობას გავაგრძელებდი, ვიქნებოდი პედაგოგი. მაგრამ ჩემი პედაგოგი გია კიტია თუმანიშვილის თეატრში დაპატიჟეს. რომ შევხვდი, ცოტა ირონიულად ვკითხე, აბა, როგორი იყო, ნახე სპექტაკლი? გიამ მითხრა: – სხვათაშორის, გაგიკვირდება და იქ, თუმანიშვილში მგონი რაღაც ხდებაო. ძალიან დავვეჭვდი, თეატრში სკეპტიკურად განწყობილი მივედი, ზურაბ გეწაძის სპექტაკლი „7 პ.პ“ ვნახე და სცენაზე ცოცხალი, ანთებული ადამიანების სახეები აღმოვაჩინე. როგორც წესი, სცენაზე მხოლოდ ყვირიან, ჯღავიან, წივიან და ა.შ. იქ ნანახმა კი ძალიან გამახარა. შემდეგ მე და მხატვარი ნინო კიტია მივედით თეატრის მმართველთან ზურაბ გეწაძესთან პროექტით და დაგვიმტკიცეს.
– სირთულეები და შეცდომები…
– სირთულეების არასდროს მეშინოდა. ხასიათითაც ძალიან ჯიუტი ვარ. რაც მინდა, იმას აუცილებლად გავიტან და გავაკეთებ.
შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ არ ვნანობ. პირიქით, მიხარია, რადგან ჭკუა ვისწავლე. მესამე კურსზე პიესა არასწორად შევარჩიე და სპექტაკლი არ გამოვიდა. შევეჭიდე იმას, რაც მე არ უნდა გამეკეთებინა. პიესა ჩემში არ ჯდებოდა. ამიტომ სანამ პიესას აირჩევ, ძალიან დიდხანს უნდა იფიქრო, ღირს თუ არა მისი გაკეთება.
– ქართველი რეჟისორები…
– ჩემი, როგორც რეჟისორის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი გია კიტიამ მიუძღვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვეტყვი მას. ქართული თეატრი უნიკალურია, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო დონის ოთხი გენიოსი ჩამოვთვალოთ. ქვეყანას, რომელსაც ჰყავდა სანდრო ახმეტელი, მიშა თუმანიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ჰყავს რობიკო სტურუა – უკვე ლაპარაკი ზედმეტია. ამით ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საკმარისია ვინმე ევროპული პასპორტით ჩამოვიდეს და უკვე მასზე ვაფანატებთ… ასეთი დამოკიდებულება რომ არ გვქონდეს, უფრო რეალურად დავინახავთ ჩვენს წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც.
– თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემები…
– თეატრში პირველი პრობლემა ის არის, რომ თანხები ძალიან ცოტაა და სპექტაკლის დადგმა რთულდება. ხელფასები მიზერულია. მსახიობი თავის შემოქმედებაზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, ოჯახი, როგორ არჩინოს. თეატრი საწარმო არ არის, რომ თავისი თავი შეინახოს. რუსეთის ნებისმიერი სახელმწიფო თეატრი, ევროპის თეატრები ჩამოვთვალოთ, არცერთი თეატრი არ ინახავს თავის თავს. უბრალოდ სახელმწიფო კარგად აცნობიერებს, რომ თეატრი მათი კულტურის განუყოფელი ნაწილია და ამაყობენ. ჩვენთან ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგეს. მაგრამ იმედია, გაიგებენ და მიხვდებიან, რომ თეატრი აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თვითონ კულტურული პოლიტიკა ვერ იქნება აწყობილი სერიალების ან გასართობი ჟანრის ფილმების რაოდენობაზე.
– რეჟისორისთვის აუცილებელია…
– ბოლომდე გულახდილი იყო და საკუთარ თავს არ უღალატო…
მზევინარ ხუციშვილი