დე ფაქტო აფხაზეთი დონბასში 50 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის
დე ფაქტო აფხაზეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში 50 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. ტვირთის თითქმის ნახევარს – 23 ტონას მანდარინი შეადგენს.
გარდა ამისა, დე ფაქტო აფხაზეთის „საგანგებო სიტუაციების მინისტრის“ ლევ კვიცინის თქმით, დონბასში 12 ტონა გამოხდილი წყალი, ზამთრის ტანსაცმელი, სათამაშოები და საკვები პროდუქტები გაიგზავნება. ტვირთს დონბასის მოსახლეობა ახალ წლამდე მიიღებს.
ცნობისთვის, დე ფაქტო აფხაზეთიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო დაეხმარება. 27 დეკემბერს როსტოვში სატვირთო მანქანები საახალწლო ტვირთით სხვა კოლონას შეუერთდებიან, რომელსაც დონბასში სამშენებლო მასალები მიაქვს.
„ინტერფაქსის“ ცნობით, „აფხაზეთის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში, ხალხმა ზამთრის ტანსაცმელი და სათამაშოები შეაგროვა“.