“მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ“
ამერიკა ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მცდელობით, გაზარდოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი-ამის შესახებ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა ჯეიმს ინჰოფმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
სენატორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს , რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. 2008 წლის სამხედრო შემოჭრის ხუთი წლისა და ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ რუსეთის ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს და მისი ხალხის თავისუფალ არჩევანს. ეს წარმოადგენს საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანისა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში გაწევრიანებისკენ და მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეაქვს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ჩაატარა ორი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა სენატორმა ინჰოფმა.