დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრევიჩუსს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრევიჩუსს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინიტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აქტუალურ თემებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებისა და ამ პროცესში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2015 წელს ლატვიაში, ქ.რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს.
პეტრას ოსტრევიჩუსმა სახელმწიფო მინისტრს 2000-2003 წლებში მისი, როგორც მთავრობის ევროპული კომიტეტის გენერალური დირექტორისა და მთავარი მომლაპარაკებლის გამოცდილება გაუზიარა ევროკავშირში ლიტვის გაწევრიანების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო მ.წ. 18 დეკემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორისე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერის ფაქტზე და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. ხელშეკრულების შესაძლო ხელმოწერასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.