ვახტანგ ყოლბაია: “ენგურჰესი” საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, “ენგურჰესის” საკიხთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმიანება.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, “ენგურჰესი” საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილია, რადგან ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე – გალისა და წალენჯიხის რაიონებში მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროს იყო საბჭოთა კავშირი და შემდგომ კი დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიული ერთეული.
“რამდენდაც მახსოვს, როცა გადაწყდა ენგურჰესის რეაბილიტაცია ამ სამუშაოების ჩასატარებლად ევროსტრუქტურებიდან 20 მილიონამდე ევრო გამოიყო და მიღწეულ იქნა შეთანხმება გამომუშავებული ენერგიის ნაწილის 40% მოხმარებოდა აფხაზეთის ტერიტორიას, ხოლო 60% დანარჩენ საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა წვდომა თუ როგორ აისახებოდა ,,ენგურჰესიდან” მიღებული თანხები აფხაზეთის ბიუჯეტზე, თუმცა ამის გარკვევა არ იქნება რთული საკითხი. სოხუმში ალბათ იციან, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება ჰიდროაგრეგატების მეშვეობით, რომლის ნაწილი მდებარეობს საბერიოში, ნაწილი კი სოფელ რეჩხში. კაშხალი კი, საიდანაც წყალი გვირაბით ამ ჰესებზე მიედინება, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, ამ წყლის გარეშე კი ,,ჰიდროსადგური” ვერც ერთ კილოვატ ენერგიას ვერ გამოიუმუშევებს”, – აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საჭიროა ორივე მხარის კეთილი ნება, რომ ჰიდროელექტროსადგურმა გამართულად იმუშაოს და და დაცული იყოს ელექტროენერგიის მომხმარებელთა ინტერესები.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაული ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, ხაჯიმბას თქმით, მთავარი ენერგოობიექტის, „ენგურჰესის“ კუთვნილების საკითხი რთული, მაგრამ მოგვარებადია. მისივე თქმით, საწარმოს მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს და დოკუმენტურად უნდა განისაზღვროს იმ ენერგიის წილი, რომელსაც აფხაზეთი მიიღებს ენგურჰესიდან. „სამწუხაროდ, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ეს ობიექტი ჩვენს კუთვნილებაში ყოფილიყო“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები