ხაჯიმბა: ჟენევის დისკუსიების გაგრძელება აუცილებელია
დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
„ჟენევის დისკუსიები ჩვენს წინაშე არსებულ ყველა ამოცანას ვერ ასრულებს, მაგრამ, მოლაპარაკებების წყალობით არსებობს იმის საშუალება, რომ ჩვენი ხმა გაიგონ. ამ დისკუსიების ფარგლებშიც ჩვენი პოზიცია მკვეთრად უნდა გამოვხატოთ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ დისკუსიების გაგრძელების აუცილებობა არსებობს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი 10 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, დე ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა და გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა.
დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ვიაჩესლავ ჩირიკბამ ამ რაუნდს „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა.
თავის მხრივ, ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
„ჟენევის დისკუსიების მთავარი ამოცანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის განხილვაა. ამის ფონზე სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებებზე მუშაობის დაჩქარების შესახებ განაცხადეს. დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა უსაფრთხოების თემებზე მომუშავე ჯგუფში საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების შესახებ სიტუაცია განიხილეს. საუბარი იყო კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის პერპექტივებზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უნდა შემცირდეს დაძაბულობა, ნდობა აღდგეს და საზღვრის ორივე მხარეს მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომის პირობები გაუმჯობესდეს. დადებითი შეფასება მიიღო ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების საერთო მექანიზმის რეგულარულმა საქმიანობამ საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის რაიონში და კავშირგაბმულობის „ცხელი ხაზების“ ოპერატიულმა ფუნქციონირებამ.
გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მექანიზმის მოქმედება საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონშიც განახლდება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კონკრეტული მონაცემები წარმოადგინეს ორი რესპუბლიკის საზღვრების გადაკვეთის დადებითი დინამიკისა და ამ საკითხში ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონისა და აფხაზეთის გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის პრობლემების არ არსებობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.