ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის საკითხს განიხილავს
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
როგორც თიბილოვმა აღნიშნა უკვე გაიმართა კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან.
“გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმებაში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის შესახებ საკითხი, ვიდრე სხვა ფორმები იქნება შემოთავაზებული. არსებობს ქვეყნების პოლიტიკური თანაარსებობის სხვადასხვა ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს დროში მივიღებთ პასუხს ამ შეთავაზებაზე”, – განაცხადა თიბილოვმა.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, სამართალდამცველი ორგანოების, მედიცინის, კულტურის, განათლებისა და ენის განვითარების საკითხებსაც.