დე ფაქტო აფხაზეთში რუსული „სპუტნიკის“ ვებგვერდი და რადიოსადგური ამოქმედდა
მულტიმედიურმა რუსულმა ჯგუფმა „სპუტნიკმა“ დე ფაქტო აფხაზეთში დღეს ვებგვერდი და რადიოსადგური აამოქმედა, – წერს „რია ნოვოსტი“.
„სპუტნიკ-აფხაზია“ – უმსხვილესი მედიაპროექტია, რომელიც ახალი ამბების გავრცელებას რუსულ და აფხაზურ ენებზე 24- საათიან რეჟიმში ითვალისწინებს.
„ეს არის მაღალხარისხიანი საინფორმაციო პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ მედიასივრცეში პირველად გაჩნდა“, – განაცხადა „სპუტნიკ-აფხაზიას“ ხელმძღვანელმა ინალ ლაზბამ.
„რუს კოლეგებთან გამოცდილების გაცვლა თანამედროვე ჟურნალისტიკაში ახალი მიმართულებების გათავისებაში დაგვეხმარა“, – განაცხადა ლაზბამ.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, „მულტიმედიურ პროექტ „სპუტნიკ-აფხაზიას“ უნიკალურობა ისაა, რომ კონტენტი 2 ენაზე – რუსულზე და აფხაზურზეა წარმოდგენილი“.
„ვერსია ეროვნულ ენაზე აფხაზეთის სახელმწიფო ინტერესებს პასუხობს. დარწმუნებული ვარ, რომ სააგენტო „სპუტნიკი“ აფხაზური ჟურნალისტიკისა და, ამასთან, აფხაზური ენის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ლაზბამ.