„ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენა ყველაზე სერიოზული გამოწვევაა“

  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანა იყო და არის, შექმნას ხელსაყრელი გარემო ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მეტი ჩართულობისათვის – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უწყების ორწლიანი მუშაობის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საამისოდ საქართველოს მთავრობამ მშვიდობიანი, ღია, პრაგმატული და კონსტრუქციული კურსი აირჩია.
“მთავრობამ დაიწყო მთელი რიგი ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მიზნად ისახავს წლების მანძილზე შექმნილი გაუცხოების შემდეგ მოხდეს ნდობის აღდგენა. სამწუხაროდ, ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მრავალწლიანმა ნდობის ნგრევამ დღესდღეობით ჯერ კიდევ ვერ მოიტანა ის შედეგი, რომ აღდგეს ის ურთიერთობები, რაც იყო ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რათა საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის “კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ადამიანის უფლებათა სტანდარტებს უკეთ მისადაგებულიყო.
“ეს ჩვენი სამინისტროს ინციატივით მოხდა.სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი “ოკუპირებულ ტერიტორიათა შესახებ”, საქართველოს კანონში. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის, პირველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გადატანილი იქნა სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციულ სამართალში. მისი მიხედვით, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ნორმას განმეორებით, გათვითცნობიერებულად დაარღვევს”, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები