ალექსანდრე კვიტაშვილი: სააკაშვილს უსმენენ და აზრს ეკითხებიან
მიხეილ სააკაშვილს უსმენენ და აზრს ეკითხებიან, – ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ჟყრნალისტის კითხვას, ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნაზე, კვიტაშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილს ნამდვილად უსმენენ და აზრს ეკითხებიან. თუმცა მისივე თქმით, მან არ იცის ჰქონდა თუ არა ექსპრეზიდენტს გავლენის მოხდენის საშუალება ან სურვილი.
„მიხიელ სააკაშვილი უკრაინაში ძალიან ხშირად ჩადის. მე ვნახე მისი იქ ყოფნის პერიოდში რა რეაქცია აქვს ხალხს, მას ხალხი ხვდება ძალიან თბილად და ტაშის კვრით. მე არ ვიცი, მას რამდენად შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონოდა გადაწყვეტილების მიღებაზე, ვერ გეტყვით მას თუ აქვს ამის საშუალება ან სურვილი. გადაწყვეტილებას იღებს უკრაინის პრეზიდენტი. მაგრამ ის, რომ სააკაშვილს უსმენენ გარკველ მიმართულებებზე და აზრს ეკითხებიან, ეს ნამდვილად ასეა. ის რომ უკრაინაში საქართველოს რეფორმები აღიქმება დადებითად, ეს ფაქტია. აქ საუბარია ზოგადად, სახელმწიფოს რეფორმაზე, ამიტომაც არის რომ იწვევენ და ესაუბრებიან“, – აღნიშნა კვიტაშვილმა.