ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე წამლებზე ფასების ზრდას არ გამორიცხავს
გამოიწვევს თუ არა ლარის კურსისი მატება მედიკამენტებზე ფასების ზრდას, – ამ კითხვით “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციის“ წამყვანმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს მიმართა. სოფრომაძის განმარტებით, ვინაიდან ფარმაცევტული კომპანიები კერძო საკუთრებას წარმოადგენენ, პირდაპირი მექანიზმი, რომელიც მედიკამენტებზე არსებულ ფასებს დაარეგულირებს არ არსებობს. თუმცა, მისვე თქმით, არსებობს რეგულირების სხვა ბერკეტები, რომლებიც მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულ ზრდას შეაფერხებს.
“წამალიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა, მაგრამ ცხადია, რომ უფრო სენსიტიური თემაა . თქვენ იცით, რომ ფარმაცევტული ბაზარი პრივატიზებულია, ყველა ფარმაცევტული კომპანია ფაქტობრივად, კერძო საკუთრებაშია, ამიტომ პირადპირი მექანიზმი ფასების რეგულაციისთვის არ არსებობს, მაგრამ არსებობს რეგულირების სხვა მექანიზმები, რომელთა ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში კატასტროფული ზრდა არ იქნება, ფასების ოდნავი ცვალებადოვა ყოველთვის არსებობდა და ეს ცვლილებები ბუნებრივია მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა სოფრომაძემ.