ჩირიკბა: საქართველოს რეაქცია აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების გაფორმებაზე ისტერიული იყო
დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის მიერ გაფორმებული მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება და ქართული მხარის პოზიციები ამ საკითხის მიმართ ისტერიული იყო. ამ თემებზე ჟენევის დისკუსიების წინ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ინტერვიუში ისაუბრა.
ჩირიკბას განცხადებით, რუსეთსა და დე ფაქტო აფახაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქცენტს უსაფრთხოებისა და სამხედრო კუთხით აკეთებს, გარდა ამისა, იგი სოციალურ-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, გარეპოლიტიკურ და სხვა სფეროებში ურთიერთქმედებების შესახებ აღნიშნავს.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა“ აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმებაზე „საქართველოს რეაქცია ისტერიული იყო. თბილისში რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიაზეც კი დაიწყეს საუბარი. ამასთან, საქართველოს მთავრობას არ სურს გაიგოს, რომ აფხაზეთისა და რუსეთის უფრო მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობა ბევრ რამეში საქართველოს აფხაზეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკით და საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს სტრუქტურების განლაგების მცდელობებითაა განპირობებული. ეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო აფხაზეთისთვის, არამედ რუსეთისთვის. მაგრამ, საქართველოს ყოველთვის ახასიათებს პროვოკაციის მოწყობა, შემდეგ კი მის შედეგებზე ყველანაირი პასუხისმგებლობის მოხსნა და სხვების დადანაშაულება“, – განაცხადა ჩირიკბამ.
ჩირიკბას თქმით, „საქართველოს „მეგობრების“ რეაქცია ასევე მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ყველა ეს განცხადება ევროპიდან და ამერიკიდან რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ 2008 წელს გვესმოდა, ასე რომ, საერთო ჯამში, არაფერი ახალი ამაში არ არის. სწორედ აშშ-ს და ევროპის ნატოს საზღვრების აღმოსავლეთისკენ გაფართოების და ალიანსში საქართველოს და უკრაინის ჩათრევის მანიაკალური სწრაფვა და რუსეთის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფლანგების საკუთარი სამხედრო სტრუქტურებით ალყაში მოქცევა – მთავარი ფაქტორია, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ვითარების დესტაბილიზირებას ახდენს“.
ჩირიკბა დარწმუნებულია, რომ თუ რომელიმე ქვეყნების სამხედრო კოალიცია სამხედრო ბაზების ქსელით მისი ტერიტორიის ალყაში მოქცევას დააპირებდა, ომი დაიწყებოდა.
რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებს, იგეგმება „ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ კი, აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების განხილვა. გარდა ამისა, განიხილება უსაფრთხოების საკითხები, დაღუპული სამხედროების იდენტიფიცირება და დაკარგულების მოძებნა. ჩირიკბას თქმით, ჟენევის დისკუსიებზე „საქართველოსთან ომის შედეგად“ აფხაზეთის კულტურული ფასეულობების, საარქივო დოკუმენტების დაბრუნების საკითხსაც წამოსწევენ.
ინტერვიუში ვიაჩესლავ ჩირიკბამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური მხარის „დაჟინებული პოზიციის წყალობით სავიზო პოლიტიკის მიმართულებით ჟენევის დისკუსიების დროს აშშ-ს წარმომადგენელმა მისი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო ბარიერების მოხსნაზე განაცხადა. ეს აფხაზური დიპლომატიის დიდი წარმატებაა“, – აღნიშნა ჩირიკბამ.