მიიღო თუ არა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა თვენახევარში 143 ათასი ლარი – უწყებაში ბრალდებას უპასუხებენ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ განათლების სამინისტროში ხარისხის განვითარების ცენტრის კონსულტანტმა ალექსანდრე შელიამ თვენახევრის განმავლობაში ხელფასის სახით 143 ათასი ლარი მიიღო, განათლების სამინისტროში უპასუხეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შელიას თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია.
“კვირას” ინფორმაციით, მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით სამინისტროში სპეციალური განცხადება გაკეთდება.
ოპოზიციური პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ განათლების სამინისტროში ხარისხის განვითარების ცენტრის კონსულტანტმა ალექსანდრე შელიამ თვენახევრის განმავლობაში ხელფასის სახით 143 ათასი ლარი მიიღო.
“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად და კონსულტანტად აიყვანეს ალექსანდრე შელია, რომელსაც თვენახევარში გამოუწერეს 143 ათასი ლარი. ეს არის პროექტი, რომელიც 2014 წლის 10 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.