სტოლტენბერგი: ნატო რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არ ცნობს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და, შესაბამისად, არ ცნობს არც დოკუმენტს, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმდა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ნატო და ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, შესაბამისად, არ ვცნობთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. შეთანხმებას.
აფხაზეთი საქართველოს ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მკაფიოდ ვთქვი მეც და თქვეს მოკავშირეებმაც. ეს არის პრინციპის საკითხიც. ჩვენი უსაფრთხოება ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრებისა და მათი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები