ექსკლუზივი: რას აცხადებს “კაბელების საქმეზე” დაკითხული, “სილქნეტთან” დამარცხებული კომპანიის დირექტორი
„კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინიტროსა და “სილქნეტს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოძიება კომპანია “დელტა კომის” განცხადების საფუძველზე, 2014 წლის ივნისში დაიწყო.
“კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურას ჩვენება ტენდერს მიღმა დარჩენილი კიდევ ერთი კომპანიის “სპეცკავშირმშენის“ პროექტების დაგეგმარების დირექტორმა გურამ შენგელიამ მისცა.
2013 წლის 5 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროში კომპანიების მიერ უწყებისთვის შეთავაზებული წერილობითი წინადადებების გახსნის პროცედურას “სპეცკავშირმშენის“ მხრიდან სწორედ გურამ შენგელია ესწრებოდა. როგორც შენგელია აცხადებს, მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახელებული არარეალურად მოკლე ვადისა, “სპეცკავშირმშენმა“ ხარჯთარიცხვის და პროექტის საკუთარი ვარიანტის წარდგენა მოახერხა.
შენგელიამ “კვირასთან“ ოთხი კომპანიის წარმომადგენლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროს გიზო ღლონტთან გამართული შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, პროექტის წერილობითი ვარიანტი უწყებაში დალუქულ მდგომარეობაში ჩააბარა, შემდეგ კი, დათქმულ დროს სამინისტროში მივიდა, სადაც დანარჩენი სამი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად უნდა მოესმინათ ერთმანეთის შეთავაზებები. თუმცა, შენგელიას თქმით, გიზო ღლონტმა ოთახში, სადაც კომპანიის წარმომადგენლები ისხდნენ, წინადადებების პაკეტები გახნილ მდგომარეობაში შეიტანა.
“მე და დანარჩენი კომპანიების წარმომადგენელმა თავდაცვის სამინისტროს დალუქულ მდგომარეობაში ჩავაბარეთ წინადადებების პაკეტები. თუმცა, როცა უწყებაში დაგვიბარეს, ოთახში თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა გიზო ღლონტმა ოთახში, სადაც ვისხედით, პაკეტები გახნილ მდგომარეობაში შემოიტანა, რაც, რა თქმა უნდა, არღვევდა შესყიდვების პირობებს. პრეტენდენტებს, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, არ გაგვაცნეს ერთმანეთის შეთავაზებები და როცა დავსვით კითხვა, თუ რატომ არ გახსნეს პაკეტები ჩვენს თვალწინ, გიზო ღლონტმა გვიპასუხა, რომ ეს იყო უმნიშვნელო ხარვეზი და პირობა მოგვცა, რომ მსგავსი ხარვეზები აღარ განმეორდებოდა. ნუგზარ კაიშაურმა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა კომპანიების წარმომადგენლებს ასევე არ მოგვცეს საშუალება გაგვეგო, თუ რატომ დააფიქსირა „სილქნეტმა“ დაბალი ფასი“, – განუცხადა “კვირას“ გურამ შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე შენგლიამ პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა.
“კვირა“ დაინტერესდა კომპანია “დელტა კომის“ მსგავსად რატომ არ მიმართა შპს “სპეცკავშირმშენმა“ პროკურატურას კანონდარღვევების არსებობის თაობაზე. როგორც კომპანიის დირექტორმა ავთანდილ ჭოლოკავამ განაცხადა, მას მაშინ არ ჰქონდა მოლოდინი, რომ პროკურატურა საქმეს აღძრავდა და სიმართლე გაირკვეოდა.
“მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩვენ არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა და აშკარად ჩანდა, რომ “სილქნეთს“ ტენდერი მიზანმიმართულად მოაგებინეს, რატომღაც არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამის შესახებ პროკურატურისთვის მეცნობებინა, თუმცა როგორც ჩანს შევცდი, კარგია, რომ ყველაფერს ფარდა აეხადა და გაირკვა, რა მოხდა მაშინ რეალურად“, -განუცხადა “კვირას“ კომპანიის დირექტორმა.
“კვირა“ ტენდერს მიღმა დარჩენილ კიდევ ორ კომპანიას “ახალ ქსელებს“ და “გრინ პროჯექტს“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების ერთ ნაწილში ვკითხულობთ:
„2013 წლის 5 სექტემბერს, დანიშნულ დროს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, მოხდა კომპანიების მიერ წარმოდგენილ წინადადებებში დაფიქსირებული მხოლოდ მისაწოდებელი ფასის გამოცხადება, იმავე თარიღით შედგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაგისტრალური ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის და აპარატურული უზრუნველყოფის შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადახედილ-იქნა წარმომადგენლების თანდასწრებით, რეალურად წინადადებები უკვე გახსნილი იყო და პრეტენდენტებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, არ გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.