დე ფაქტო აფხაზეთში „კონსტიტუციის“ მიღების დღეს ზეიმობენ
26 ნოემბერს დე ფაქტო აფხაზეთში „კონსტიტუციის“ მიღების დღეს აღნიშნავენ. როგორც რუსული პრესა იუწყება, „1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუცია მიიღო“. ამავე დღეს, 20 წლის წინ დეპუტატებმა დე ფაქტო ეგრეთ წოდებული „პრეზიდენტი“ – ვლადისლავ არძინბა აირჩიეს. „კონსტიტუციის“ მიღება აფხაზეთში კონფლიქტის შემდეგ მოხდა.
„კონსტიტუციაში“ „აფხაზეთის ტერიტორიების ერთიანობა, ხელშეუხებლობა და განცალკევების უარყოფაა აღნიშნული, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების გაყოფაა გამოცხადებული, ადამიანის უფლებები და თავისუფლებაა გარანტირებული“ , – წერს „რია ნოვოსტი“.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს დე ფაქტო ახალმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების შესახებ განაცხადა.
ცვლილებები სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს შორის უფლება მოსილების გადანაწილებას ითვალისწინებს. ეს, ხაჯიმბას განცხადებით, „პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი გრძელვადიანი პერსპექტივით იქნება“.