ექსკლუზივი: რა საიდუმლო პროექტს ახორციელებდა თავდაცვის სამინისტრო – პროკურორი „კაბელების საქმის“ დღემდე უცნობი დეტალების შესახებ
პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოხსნა, თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირების საქმეზე გრიფი “საიდუმლო” არ მოეხსნა მასალების მხოლოდ იმ ნაწილს (შვიდ პროცენტს), რომლებიც ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
რატომ მიანიჭა თავის დროზე პროკურატურამ “კაბელების საქმეს“ გრიფი „საიდუმლო“, საქმეში არსებული რა სახის მტკიცებულებები გახდა ხელმისაწვდომი ადვოკატებისთვის, რატომ არ გაასაჯაროვა პროკურატურამ სრულად ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გახდება თუ არა საქმის მასალები მედიისთვისაც ხელმისაწვდომი, რას ემსახურებოდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანა, კონკრეტულად რა პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის ფაქტი, – ამ და საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე პროკურორი ჯარჯი წიკლაური ექსკლუზიურად “კვირასთან“ საუბრობს.
პროკურორი “კვირასთან“ განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატებს ძირითადი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების უწყებიდან გატანის და მათი ამ ფორმით გაცნობის შესაძლებლობა უკვე მიეცათ.
რაც შეეხება კონკრეტულად პროექტს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებდა, წიკლაური აცხადებს, რომ უწყება საქართველოს მასშტაბით მისი ქვედანაყოფების დაქსელვას გეგმავდა, რის შედეგადაც უნდა შექმნილიყო ერთაინი ელექტრონული ბაზა, რომელზე წვდომაც მხოლოდ აღნიშნულ უწყებას ექნებოდა.
“თავდაცვის სამინისტრო ახორციელებდა საქართველოს მასშტაბით არსებული მისი ყველა ქვედანაყოფის დაქსელვას, რაც გულისხმობს უწყების დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ობიექტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და შიდა ქსელის უზრუნველყოფას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს ექნებოდა და ექნება მონაცემთა გაცვლის დაცული, ელექტრონული ბაზა. ეს პროექტი კვლავ გრძელდება.
ჩვენ გვახსოვს, 2008 წელს საქართველომ ძალიან დიდი ზიანი მიიღო იმიტომ, რომ გარეშე მტრისთვის ხელმისწვდომი გახდა საინფორმაციო რესურსები და მონაცემები. ეს პროექტი სწორედ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებას და პრევენციას ემსახურება“, – აცხადებს წიკალური.
პროკურორის ინფორმაციით, გრიფი „საიდუმლო“ ასევე მოეხსნა „სილქნეტთან“ გაფორმებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების შესყიდვის ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების დანართებს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის იმ ნაწილს, რომელიც არ განსაიდუმლოვდა, ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ ეს არის ის დეტალები, რომლებიც ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს. ესენია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის კოორდინატები, კოორდინატების მონაცემები, ასევე საიდუმლოდ რჩება ის ტექნიკური მაჩვენებელები, რაც აღნიშნულ კაბელს გააჩნია.
“ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მხოლოდ იმიტომ მიენიჭა „საიდუმლო“ გრიფი, რომ საქმე ეხებოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვას და, შესაბამისად, ყველა დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებული იყო ამ შესყიდვასთან, თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა „საიდუმლო“ გრიფი. შესაბამისად, პროკურატურა, რომელიც იძიებს ამ საქმეს, კანონის თანახმად, ვალდებული იყო საქმისთვის გრიფი „საიდუმლო“ მიენიჭებინა. ეს გულისხმობდა იმას, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც შეხებაში იყო ამ საიდუმლო შესყიდვასთან, გასაიდუმლოებულიყო.
დღეს მასალების დიდ ნაწილს გრიფი მოეხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – იმ მოწმეთა ჩვენებები განსაიდუმლოვდა, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ იმ კანონდარღვევებზე, რაც საიდუმლო შესყიდვების პროცესში დაფიქსირდა,“ – განუცხადა “კვირას“ პროკურორმა.
ჯარჯი წიკლაური განმარტავს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ საქმის დეტალები ადვოკატების მსგავსად ყველა პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მისი თქმით, საქმის ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, გახადოს, თუ არა ხელმისაწვდომი გარკვეული მტკიცებულებები დაინტერესებული პირებისთვის, იგივე მასმედიისთვის.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავასაჯაროვეთ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებისთვის გაგზავნილი ოფიციალურ წერილები და ხელმისაწვდომი გავხადეთ ის მედიისთვის. ამ შემთხვევაშიც მსგავსი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ბრალდების მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, გახადოს თუ არა გარკვეული მტკიცებულებები მედიასაშუალებებისთვისაც ხელმისაწვდომი. ამან საქმის ინტერესები არ უნდა ხელყოს“, -განუცხადა “კვირას“ პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატები პროკურატურაში საქმის მასალების წასაღებად დღესვე მივიდნენ. მათ აღნიშნეს, რომ მიესალმებიან მთავარი პროკურატურის მცდელობას, “რომ დაბრუნდეს სამართლებრივ რელსებზე”, თუმცა, მათ პრეტენზია გამოთქვეს მასალების გასაცნობად დარჩენილ მცირე ვადებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.
ადვოკატების ამ პოზიციას დღეს ჯარჯი წიკლაურმა უპასუხა. მისი განმარტებით, „კაბელების საქმე“ მხოლოდ 5 ტომს მოიცავს და საქმის ადვოკატები თემით სპეკულირებენ.
„ადვოკატები თავის დროზეც აცხადებდნენ, რომ საქმის მასალები რამდენიმე ათეულ ტომს შეადგენდა და მათ მოკლე დროში ვერ გაეცნობოდნენ, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ, როდესაც სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, მასალები მხოლოდ სამ ტომს შეადგენდა, მოგვიანებით, კი დაემატა მტკიცებულებები და საქმე მთლიანობაში 5 ტომი გახდა. აქ საქმე ადვოკატთა მხრიდან თემით სპეკულაციასთან გვაქვს. ეს ელემენტარული სიცრუეა“, – აღნიშნა პროკურორმა.
“კვირა“ ჯარჯი წიკლაურთან ჩაწერილ ინტერვიუს სრულ ვერსიას ხვალ განათავსებს.