გია გორელაშვილი „კვირას“ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება – „ჩემი წამების ბრძანებას ლევან ზაქრაძე იძლეოდა “
2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული გია გორელაშვილი „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალას ეხმაურება. გორელაშვილი სტატიაზე კომენტარის სახით წერს, რომ სამხედრო პოლიციის მაშინდელი უფროსი ლევან ზაქრაძე 2011 წლის 17 სექტემბერსმისი ჩხრეკა-დაკავების პროცესში მონაწილეობდა, იძლეოდა მისი წამების ბრძანებას, ხოლო 23 სექტემბერს, სერგო თეთრაძის მკვლელობის დროსაც ადგილზე იმყოფებოდა. გორელაშვილი წერს, რომ დანაშაულის შემსრულებელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ზაზა მჭედლიძე იყო.
„ლევან ზაქრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს მონაწილეობდა ჩემი ჩხრეკა-დაკავება- წამების პროცესში. 19,21 და 23 სექტემბერს გლდანის ციხეში მხვდებოდა მუხაძის კაბინეტში, იძლეოდა ჩემი წამების ბრძანებას, 23 სექტემბერსაც იქ იყო, როცა მოკლეს სერგო თეთრაძე. ყველაფერი ამ ამბის დაგეგმარება კი შეასრულა ზაზა მჭედლიძემ, თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვიდან“, – წერს გორელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საუბრია 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეზე. ცნობილია, რომ 3 წლის წინ, 17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა. რაც შეეხება „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალას, საუბარია ლევან ზაქრაძის კაბინეტში გადაღებულ ფარულ ვიდეომასალაზე, რომელიც პორტალმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.