თეა წულუკიანი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯიაში” ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესის ინფორმირება “ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” შესახებ, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს.
პროგრამის მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, დანაშაულის პრევენცია და განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვა.
ყოფილი პატიმარი, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდება, უკვე აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
ეს კი ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნის წინაპირობაა. სახელმწიფოს, ბიზნესის, საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევითა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდით შესაძლებელია დანაშაულის პრევენცია.
შეხვედრაზე, რომელიც უფრო სოლიდარული და უფრო დაცული საზოგადოების საკითხს ეხებოდა, ასევე გაიმართა სოციალური კლიპის – “ერთად ვიზრუნოთ ყოფილ პატიმარზე” – პრეზენტაცია.