“ალასანიას სააკაშვილი ყოველთვის მფარველობდა”
აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი არის საქართველოს პრემიერ – მინისტრი, რომელსაც ხალხი ენდობა და პატივს სცემს. როგორც ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ძლიერ ქართულ სახელმწიფოს აშენებს. მისი თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილს ვინმე დაუპირისპირდა, მაშინ ის ქართულ იდეას დაუპირისპირდება.
„ირაკლი ღარიბაშვილი ის კაცი არ არის, რომ ასე ადვილად მოერიოს ვინმე, რაც უნდა გავლენიანი მფარველები ჰყავდეს უცხოეთში! ირაკლი ღარიბაშვილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ხალხი ენდობა და უყვარს კიდეც! ირაკლი ღარიბაშვილი აშენებს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და ვინც მას დაუპირისპირდება, ის დაუპირისპირდება ქართულ იდეას! ეს კი, ყველას ვარწმუნებ, კრახით დასრულდება! „კოალიცია „ანტიღარიბაშვილი“ არის ანტიეროვნული და ე.წ. ლიბერალისტური კოალიცია, რომელშიც შედიან: „ნაცები“, „რესპუბლიკელები“, ალასანიას პარტია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს ჩვენი „შემოულაწუნე“ პრეზიდენტი მარგველაშვილი!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.
კითხვაზე, თუ რატომ შექმნეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ კოალიცია, აკადემიკოსი პასუხობს:
„ღარიბაშვილი, მართალია ანგარიშს უწევს დასავლეთის ბევრ მოთხოვნას, მაგრამ არის ერთადერთი ეროვნული კაცი, რომელსაც ხალხი ენდობა და პატივს სცემს. აი, სწორედ ეს არ მოსწონთ ზოგ-ზოგიერთებს არც აქ და არც – ქვეყნის საზღვრებს გარეთ! პირდაპირ გეტყვით, ალასანიაც ამიტომ გაააქტიურეს! ფაქტია, ამერიკელებს სურთ, ალასანიასგან მეორე სააკაშვილი გააკეთონ! არადა ეს კაცი სააკაშვილიც არ გამოვა, ისეთი უგერგილო და მკვდარია!“ – ამბობს აკადემიკოსი.
მისი თქმით, ირაკლი ალასანიას სააკაშვილი ყოველთვის მფარველობდა.
ელიზბარ ჯაველიძის ინფორმაციით, თავის დროზე, ირაკლი ალასანიას უშიშროების მინისტრის მოადგილედ დანიშვნას სწორედ „მოქალაქეთა კავშირის“ მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ლობირებდა.
„ჩემი ინფორმაციით, სწორედ „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ლობირებდა შევარდნაძესთან ალასანიას ვალერი ხაბურძანიას მოადგილედ დანიშვნას“, – ამბობს აკადემიკოსი.