თეა წულუკიანი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, პუტინის ქმედებებს არავინ შეეგუება
პუტინის მთავრობა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ ხელშეკრულებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დღეს უნდა გაფორმდეს.
მინისტრის თქმით, ქართველი ხალხი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არასდროს შეეგუება რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.
“პუტინის მთავრობა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ის ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაცაა დაგეგმილი აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობასთან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. ქართველი ხალხი არასდროს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ შეეგუება ამას. საქართველოს მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ცივილიზებულმა სამყარომ, ჩვენმა პარტნიორებმა, დასავლეთმა შესაბამის ღონისძიებებს მიმართონ, რათა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შეჩერდეს. იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა უკრაინის მაგალითი, არ არის გამორიცხული, რუსეთმა მომავალშიც გააგრძელოს აგრესიული პოლიტიკა სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც”, – განაცხადა მინისტრმა.