ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს გავლენიანი სარეიტინგო კომპანიების ხელმძღვანელებთან.
ირაკლი ღარიბაშვილი Moody’s, Fitch Rating-ის და Standard & Poor’s-ის პრეზიდენტებს შეხვდება.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი Financial Times-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, დიდ ბრიტანეთს 25 ნოემბერს დატოვებს.