მაღლივ კორპუსთან გზის რეაბილიტაცია სრულდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, დიდი ხანია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე არაფერი გაკეთებულა.
მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაასრულებს და ობიექტი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში ჩაბარდება.
„ჩვენ წელს დავიწყეთ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, უკვე გაკეთდა მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზა და პარკირების ადგილი, კეთდება მოედანი. პროექტი ჯამში 180 ათას ლარზე მეტით დაფინანსდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად შეკეთდა მაღლივ კორპუსამდე მისასვლელი 1000 კვადრატულ მეტრამდე გზა, კეთდება ტროტუარები და ბორდიურები. გარდა ამისა, ასფალტო-ბეტონის საფარით კეთილმოეწყო იქვე მდებარე ავტოსადგომი. დასასრულს უახლოვდება კორპუსის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაკეთდება გამწვანების ზოლი.
თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დაიწყო და მას შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები