ემზარ კვიციანის საქმეზე დაკითხული ნინო ბურჯანაძის სკანდალური ჩვენება
გაზეთი “კვირის ქრონიკა“ ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ 4 ნოემბერს მიცემული ჩვენებიდან ამონარიდებს აქვეყნებს.
სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ბურჯანაძემ უშიშროების საბჭოს ის სხდომა გაიხსენა, სადაც მისი თქმით, ძირითად საკითხად კოდორის თემა განიხილეს.
“ემზარ კვიციანს ვიცნობდი, როცა ის კოდორში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობდა, მასთან ურთიერთობა 2003 წლამდე მქონდა. სიმართლე გითხრათ,კოდორის საკითხებში აქტიურად ჩართული არ ვყოფილვარ. გავიხსენებ ერთ-ერთ ეპიზოდს, ეს იყო უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ძირითადი საკითხი კოდორის თემა გახლდათ.უშიშროების საბჭოს შეკრებაზე იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და აფხაზეთის მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია. სხდომაზე დაისვა საკითხი, უნდა ყოფილიყო თუ არა კოდორში შეიარაღებული ჯგუფი “მონადირე“ მაშნ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ეს ჯგუფი უნდა დაშლილიყო. ასეთი დაჯგუფება ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ყოფილიყო, თუმცა მე მკაფიოდ განვაცადე, რომ კოდორში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევსულიყავით“, – განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე მტკიცებით, ის და მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე, რომელიც მაშინ სასაზღვრო დეპარტამენტის ხელძღვანელი იყო, ემზარ კვიციანთან საუბარს აპირებდნენ, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ამის ნება არ დართო”, – წერს “კვირის ქრონიკა“.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.