თამარ ბერუჩაშვილის მეუღლისთვის მისი მინისტრად დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა, მეუღლის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს. როგორც „კვირას“ რემა ღვამიჩავამ განუცხადა, მისთვის თამარ ბერუჩაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა.
„დიახ, სავარაუდოდ, ველოდი, პრემიერ-მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ, საჭიროდ ჩათვალა. ქალბატონი თამარისთვის პირველად არ არის მინისტრის თანამდებობა, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მას არ გაუჭირდება. თამრიკოს შესაძლებლობებში მე პირადად დარწმუნებული ვარ, ჩვენ – ყველამ ერთად უნდა გავართვათ თავი ჩვენ მიერ დაკისრებულ მოვალეობას. ქვეყანა რომ წინ -უკეთესი მომავლისაკენ წავიყვანოთ“, – აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.
ცნობილი ონკოლოგი ამბობს, რომ ოჯახში თამარ ბერუჩაშვილის თავდაპირველ გადაწყვეტილებაზე არ უსაუბრიათ. „ოჯახში მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხებზე ვსაუბრობთ. დანარჩენი თამარს ჰკითხეთ, ისე, დარწმუნებული ვარ, რომ თამარი ყველაფერს თავს გაართმევს. ზოგადად, საქართველოს კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, შესაბამისად, ყველა სტრუქტურას და ყველა მინისტრს, მათ შორის თამარსაც“, – აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მისივე მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა თანამდებობა დატოვა და მაია ფანჯიკიძეს გაჰყვა. მიზეზად კი, საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის საფრთხე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები