კახა კალაძემ რუსთავის ქვესადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
რუსთავის ქვესადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ცოტა ხნის წინ მინისტრმა კახა კალაძემ მოინახულა.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორადი კომუტაციის, დაცვისა და მართვის პანელების სრული რეაბილიტაცია. უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი კონტეინერების მონტაჟი, სადაც მთლიანად განთავსდება უახლესი ტექნოლოგიის 10 კვ-ის მოწყობილობები და დაცვის სისტემები. რეაბილიტაციის პროექტი 2015 წლისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქვესადგური ციფრული მართვის სისტემაზე გადავა. ქვესადგური -„რუსთავი-220/110/10“ საქართველოს ენერგოსისტემის ერთ-ერთ საკვანძო ქვესადგურს წარმოადგენს. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 425 მვა-ს შეადგენს. ქვესადგურით მარაგდება ქალაქი რუსთავი, მასთან დაკავშირებული სამრეწველო ობიექტები – ფერო-შენადნობის ქარხანა, აზოტის ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა და ა.შ. ამასთან, ქვესადგურიდან გამომავალი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით – „მანავი“ ელექტროენერგია მიეწოდება ქვესადგურ „გურჯაანი-220“-ს, რომლიდანაც ხორციელდება კახეთის რეგიონის ენერგომომარაგება.