უჩა ნანუაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მასალები გამოითხოვა
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს. ომბუდსმენი საგამოძიებო უწყებისგან თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის მასალების გადაცემას ითხოვს.
„ჯერჯერობით საქმე არ მიგვიღია, ჩვენ გვაქვს გამოთხოვილი და ველოდებით საქმის მასალების მიღებას. მე პირადად დაინტერესებული ვარ, უახლოეს დღეებში მასალები გვქონდეს, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გვექნება მასალები, ჩვენ შეგვეძლება კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. კომპანია “სილქნეთის” სასარგებლოდ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის უწყების 5 მაღალჩინოსანი ორი კვირის წინ დააკავეს.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.