ნინო ბურჯანაძე: „თავისუფალ დემოკრატები“ არიან ყურმოჭრილი მონები

„თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობის სურვილი არ გვაქვს და არც გვექნება, – ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„მინდა დავამშვიდო „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები, რომლებიც თურმე ძალიან წუხან, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალასთან არ ითანამშრომლებენ. თავს ნუ შეიწუხებენ ამაზე ზრუნვით, იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს გვქონია „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობის სურვილი და არც გვექნება“,- განაცხადა ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისი თქმით, ყველას კარგად ახსოვს, როცა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აცხადებდნენ, რომ ბურჯანაძესთან თანამშრომლობას, „ნაციონალებთან“ თანამშრომლობა ერჩივნათ.
„გამეცინა, როდესაც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბურჯანაძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით გახარებულია. იმას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები კარგი ჩინოვნიკები ნამდვილად იყვნენ და არიან, პოლიტიკოსები კი ვერ გახდნენ, ეს განცხადებაც ადასტურებს. მე არ ვიცი, რატომ უნდა გამხარებოდა ის, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა. მე, უპირველეს ყოვლისა, წინ სახელმწიფოს ინტერესს ვაყენებ. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კი, ნონსენსია, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, როცა ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ირაკლი ალასანიას გუნდს პროდასავლური მიზნები არ ამოძრავებს და ქვეყნის ინტერესებზეც არ ფიქრობს.
“თავისუფალი დემოკრატები” ძალიან დიდი პრინციპულობით გამოირჩევა-თქო, ვერ გეტყვით. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ არიან პროდასავლური კურსის გამტარებლები, ისინი არიან ყურმოჭრილი მონები, სამწუხაროდ, ვითომდა იმ იდეის, რომელსაც ისინი ახმოვანებენ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ დღეების განმავლობაში, როდესაც არცერთ მათგანს არ ულაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, არ უფიქრიათ სახელმწიფოში რა შეიძლება მომხდარიყო, როდესაც უმრავლესობას კარგავდა “ქართული ოცნება” პარლამენტში”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასა.
„გადადგომის შემდეგ კი უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ გუნდში რჩება და ყველაფერს გააკეთებს თავის თანაგუნდელებთან ერთად, რომ გამოძიება ობიექტური იყოს. ასეთ შემთხვევაში არავის კითხვის ნიშანი არ გაუჩნდებოდა და ის პოლიტიკურად პატივისცემას დაიმსახურებდა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები