„რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში რჩება

„რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრად რჩება – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების შესახებ არის ძალიან დიდი დანაკლისი კოალიციისთვის. ჩვენ მათთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტეთ ერთად. მათთან “რესპუბლიკელებს” არასდროს ჰქონიათ არსობრივი დაპირისპირება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება. ჩვენ – “რესპუბლიკელები” მყარად ვართ წარმოდგენილი პარლამენტში. უნდა გავუსვათ იმასაც ხაზი, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს დღეს არა აქვს ალტერნატივა ხელისუფლებაში. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში და ვაპირებთ, არსებულ პრობლემებზე ვიმსჯელოთ, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც ცოტა ხნის წინ დააყენა “რესპუბლიკურმა პარტიამ” კოალიციის მოდელზე, რომელიც დღეს არსებობს. უახლოეს მომავალში გაიხსნება ამ საკითხზე მსჯელობა, ვიმსჯელებთ მოდელებზე. ამ საკითხებზე და მოდელებზე მანამდე რომ გვემსჯელა, ამ ტიპის კრიზისი, რაც დღეს იყო, კოალიციაში არ იქნებოდა,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
“ქართული ოცნების” ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც 2.5 საათს გაგრძელდა, დასრულდა, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარები არ გაუკეთებიათ ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს – ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები